საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული სტუდენტები თბილისის „გეზ“-ში

საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამის (თბილისი) სტუდენტები თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონას ეწვივნენ და პრაქტიკულად შეისწავლეს ის პროცედურები, რომელიც საქონლის/პროდუქციის ქვეყანაში შემოტანის შემდეგ არის გასავლელი. 

 

მომავალი საბაჟო საქმის სპეციალისტებს თბილისის „გეზი“-ის უფროსის მოადგილემ დათა არქანიამ გაუწია მეგზურობა. სტუდენტებს ეტაპობრივად აუხსნეს საბაჟო ფორმალობები და პროცედურები, რაც თბილისის გეზში ხირციელდება. ესაა საქონლის დეკლარაციის შევსების, ყვითელ და წითელ დერეფნებში განსაზღვრული დეკლარაციების კონტროლის, სატრანსპორტო საშუალებების კონტროლის, საქონლის ჩამოტვირთვა-დატვირთვის პროცედურები და სხვა. 

 

როგორც პროფესიულმა მასწავლებელმა გიორგი წიკლაურმა აღნიშნა, ასეთი გასვლითი ღონისძიებები ხშირად ხორციელდება, რადგან თსუ პროფესიული განათლების ცენტრში პრაქტიკულ კომპონენტს დიდი ყურადღება ეთმობა. „ეს ერთგვარ სტიმულს და მოტივაციას აძლევს სტუდენტებს უკეთესად ისწავლონ, დაინახონ ის შესაძლებლობები, რაც შეიძლება ჰქონდეთ სწავლის დასრულების შემდეგ, მათ შორის, საბაჟო სტრუქტურაში დასაქმების მხრივ“,-განაცხადა გიორგი წიკლაურმა.

 

პროფესიული სტუდენტების თქმით, თბილისის გეზ-ში ვიზიტი ძალიან საინტერესო იყო მათთვის. „დავათვალიერეთ და გავეცანით გაფორმების ეკონომიკური ზონის ყველა დეტალს და ნიუანსს. ძალიან კმაყოფილი დავრჩი დღევანდელი დღით. ეს ყველაფერი სტიმულს მაძლევს, რომ შემდგომ  პერიოდში უკვე ვიფიქრო საბაჟოს კუთხით როგორ დავგეგმო ჩემი საქმიანობა“,-აღნიშნა ნინო ივანიაშვილმა.

 

თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღება ასევე საინტერესო აღმოჩნდა ზურაბ ლოსაბერიძისთვის. პროფესიული სტუდენტი დარწმუნებულია, რომ პროგრამის ფარგლებში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება ძალიან დაეხმარება სტუდენტებს მომავალ საქმიანობაში. 

 

პროფესიული პროგრამა „საბაჟო საქმე“ თსუ პროფესიული განათლების ცენტრში 2018 წლიდან ხორციელდება.
 

თარიღი: 02/08/2023