ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის ლოკაციაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
რექტორი ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს და განხორციელებული სამუშაოების ხარისხს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა სტუდენტებს ჰქონდეთ სრულყოფილი და თანამედროვე გარემო პრაქტიკული უნარების შესაძენად.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შენობის მეორე და მესამე სართულების სრული განახლება, რაც მიზნად ისახავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნას პროფესიული განათლების მიმართულებით.
ახალი სასწავლო წლიდან პროფესიული სტუდენტები სწავლას სრულად განახლებულ სივრცეში გააგრძელებენ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიული განათლების პოპულარიზებას რეგიონში.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გასულ წელს 1 მლნ. 300 ათას ლარზე მეტი გამოყო.
დღეისთვის თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ქუთაისში 11 პროფესიულ პროგრამას ახორციელებს. მომავალში იგეგმება ახალი პროგრამების დანერგვა.