„გილოცავთ ექთნის საერთაშორისო დღეს და გილოცავთ ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეულის წარმატებით დასრულებას. ეს ორი მიმართულება მნიშვნელოვანია მედიცინის დარგისთვის, და მნიშვნელოვანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრისთვისაც, რადგან რამდენიმე წელია ავიღეთ ამ დარგის სპეციალისტების მომზადება-გადამზადების პასუხისმგებლობა“,-განაცხადა თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ინეზა ვაწაძემ ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეულისა და ექთნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლინიკური კონფერენციაზე გამოსვლისას.
კონფერენცია კლინიკათა ქსელის „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ორგანიზებით გაიმართა, რომელიც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პარტნიორია და საექთნო განათლების პროფესიული პროგრამის პრაქტიკული სწავლების ძირითად ბაზას წარმოადგენს.
როგორც ინეზა ვაწაძემ აღნიშნა, ცენტრმა რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო პროფესიული გადამზადების პროგრამის “ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება” განხორციელება და უკვე 120 სპეციალისტი გადამზადდა. 2024 წელს კი დაიწყო პროფესიული პროგრამის “საექთნო განათლება” განხორციელება. პროგრამის ხელმძღვანელია “ჯეოჰოსპიტალსის” საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსი ნონა გოშაძე.
კონფერენცია ორ სესიად გაიმართა - „საექთნო განათლება - განვითარების უწყვეტი გზა“ და „ლაბორატორია - უშეცდომო დიაგნოსტიკის გზამკვლევი“. მოხსენებებთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო აკრედიტაციის KTQ ექსპერტმა, გერმანიის ბოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა ტომას კისინგერმა და საექთნო განათლების ექსპერტმა, აშშ ვესტ ჯორჯიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, დუქესნის უნივერსიტეტის პროფესორმა კიმბერლი კროუფორდმა.
“ჯეო ჰოსპიტალსის” ქსელი 25 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს, რომლებიც აკრედიტებულია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის KTQ-ის ხარისხის მართვის სერტიფიკატს ფლობს.