ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის კურსი „ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება პროფესიულ განათლებაში“ ჩატარდა.
პრაქტიკული და ინტერაქტიული შეხვედრების სერია მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანად გამოყენებას სალექციო პროცესში, მეცადინეობების დაგეგმვასა და საშინაო დავალებების შექმნაში.
კურსს უძღვებოდა თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ინტერნაციონალიზაციის მენეჯერი სოფიო იდაძე.
როგორს სოფიო იდაძემ აღნიშნა, შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი საგანმანათლებლო პროცესს, როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი დამატებით შესაძლებლობად. მასწავლებლები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმას, რომელიც დაეხმარება მათ დახვეწონ თავიანთი სწავლა-სწავლების პროცესი, მათ შორის, დაგეგმონ მეცადინეობები, შეაფასონ პროფესიული სტუდენტები და დაუბრუნონ მათ ინდივიდუალური უკუკავშირი“, -განაცხადა მან .