საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს  ხელი. მემორანდუმი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების ერთობლივად განხორციელების საშუალებით მსჯავრდებულებისა და ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციას, რეაბილიტაციას, რესოციალიზაციას, სათანადო განვითარებას, განათლებისა და დასაქმების მნიშვნელობის გაცნობიერებასა და, ამ გზით, ქვეყანაში დანაშაულის პრევენციას  ისახავს მიზნად. ღონისძიებას  თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებთან ერთად განახორციელებენ დასაქმებისთვის მომზადება/დასაქმების ხელშემწყობ ერთობლივ ღონისძიებებს, შეხვედრებს, ტრენინგებს, დასაქმების ფორუმებს, სარეაბილიტაციო აქტივობებს.

 

მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა ასევე მოიცავს ინფორმაციის გაცვლასა და საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების მიწოდებას, შესაძლებლობების ფარგლებში, ერთობლივი პროგრამებისა და სერვისების დანერგვას.

 

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა მსჯავრდებულებისთვის საქართველოს ისტორიიდან საინტერესო თემებზე  საჯარო ლექციების წაკითხვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან  ხორციელდება. 2019 წლიდან კი პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას თსუ პროფესიული განათლების ცენტრი უძღვება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა  სახელმწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება.

 

დღეისთვის თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი სწავლობს.  8 პროფესიულ პროგრამაზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, ღონისძიების ორგანიზება, საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.

 

ცენტრი ასევე ახორციელებს პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებს ღონისძიებების ორგანიზების, საოფისე საქმის, სავაჭრო ობიექტებში სალაროს ოპერაციების განხორციელების, საწყობის ლოგისტიკის, ლაბორატორიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების და სხვა მიმართულებით.

თარიღი: 06/02/2024