Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2026-05-15
Beginning 15:00 HR
Address ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, 15 მაისს ოსური ენის დღეს აღნიშნავს.

დაგეგმილია ოსური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ეძღვნება ასევე, ქართველი ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებლის ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისა და ოსი ენათმეცნიერის, ლექსიკოგრაფის, ფოლკლორისტის და ეთნოგრაფის ვასილ აბაევის ხსოვნას.

ეს დღე სიმბოლურად დაკავშირებულია ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებლის, კოსტა ხეთაგუროვის, პოეტური კრებულის,  „ოსური ლირას“, პირველ პუბლიკაციასთან (1899 წლის 15 მაისთან).

 უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კოსტა ხეთაგუროვის პოეტური კრებულის გამოცემას დიდი ყურადღება მიაქცია ილია ჭავჭავაძემ -  ამ ფაქტს გაზეთმა „ივერიამ“ საგანგებო წერილი მიუძღვნა.

ოსური ენა ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ ჯგუფს განეკუთვნება, თუმცა მასში გვხვდება კავკასიურ ენათა დამახასიათებელი ელემენტებიც.

ოსური ენის მეცნიერული შესწავლა მჭიდროდ უკავშირდება ქართულ სამეცნიერო სკოლას. ამ მხრივ აღსანიშნავია ცნობილი ქართველი და ოსი მეცნიერების: გიორგი ახვლედიანის, ვასილ აბაევის, მზია ანდრონიკაშვილის, ოლღა თედეევის, არნოლდ ჩიქობავას, აკაკი შანიძის, ნაფი ჯუსოითის, თამერლან გურიევისა და სხვათა გამოკვლევები. ოსური ენის, ფოლკლორისა და ლიტერატურის შესწავლა ქართულ სამეცნიერო სივრცეში კვლავაც გრძელდება.

 

2015 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ბოლო წლებში გამოიცა მეცნიერულად და პრაქტიკულად ღირებული წიგნები: ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი (მთავარი რედაქტორი ნაირა ბეპიევი), ნართების ეპოსის ორენოვანი კრებული (შემდგენელი, მთარგმნელი და მთავარი რედაქტორი ნაირა ბეპიევი), ენციკლოპედია-ალბომი „ქართულ-ოსური ურთიერთობები“ (შემდგენელი და მთავარი რედაქტორი ნაირა ბეპიევი), ოსური წიგნის ბიბლიოგრაფია (ნაირა ბეპიევი) და სხვ. 

ოსური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება 2026 წლის 15 მაისს, 15. 00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის მუზეუმში.

Related events