geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2026-10-16
Beginning 9:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული სააქტო დარბაზის ფოიე.

16-18 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება  კავკასიოლოგთა III საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი, რომელიც ეძღვნება აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150-ე წლის იუბილეს.

 

კავკასიოლოგთა საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათ ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი.

 

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას იღებს 60-ზე მეტი მომხსენებელი: საქართველოდან,  დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ადიღედან, ინგუშეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან, ბელარუსიდან, იორდანიიდან... 

 

კავკასიოლოგთა III საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესის პლენარულ სხდომაზე წარდგენილი იქნება პროფ. მერაბ ჩუხუას კაპიტალური მონოგრაფია იბერიულ-ალბანური (ქართველურ-დაღესტნური) ეტიმოლოგიური ლექსიკონი (ელექტრონული ვერსია) და აკად. რამაზ შენგელიას მოხსენება კავკასიის ფილოგეოგრაფიის ზოგიერთი საკითხის შესახებ.

 

კონგრესი მოიცავს რამდენიმე პარალელურ სექციას: ენათმეცნიერება, ისტორია, ეთნოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა და ფოლკლორისტიკა, წყაროთმცოდნეობა და არქეოლოგია. კონგრესის მომხსენებლები ასევე არიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საფეხურის სტუდენტები.

 

კავკასიოლოგთა საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს აკადემიურ პლატფორმას, რომელიც კავკასიის რეგიონის ენობრივ, ისტორიულ, კულტურულ, ეთნოლოგიურ და გენეტიკურ-ანთროპოლოგიურ მემკვიდრეობას კომპლექსურად იკვლევს. ეს გახლავთ ინტერდისციპლინური სინერგია (ლინგვისტიკისა და ანთროპოლოგიის სინთეზი). კონგრესის უმთავრესი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ წმინდა საენათმეცნიერო ან ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემატიკით, არამედ აქ ვრცლად განიხილება ენობრივი თუ გენეტიკური ლანდშაფტი; თანამედროვე კავკასიოლოგიაში უმნიშვნელოვანესია ლინგვისტურ-რეკონსტრუქციული მონაცემების (ქართველური, ჩრდილოკავკასიური ენების ეტიმოლოგია და გრამატიკა) შედარება ანთროპოლოგიურ, არქეოგენეტიკურ და ეთნოგრაფიულ აღმოჩენებთან. კონგრესი იძლევა შესაძლებლობას, კავკასიის ხალხთა წარმოშობა (ეთნოგენეზი) განხილულ იქნეს არა ცალკეული ჰიპოთეზებით, არამედ კომპლექსური, მრავალმხრივი მტკიცებულებებით. რეგიონის ავტოქთონური კავკასიური ენები (ქართველური, აფხაზურ-ადიღური, ნახური და დაღესტნური) ინახავენ უძველეს ფონოლოგიურ და გრამატიკულ სტრუქტურებს, რომელთა შესწავლაც გადამწყვეტია ზოგადი ენათმეცნიერებისა თუ ტიპოლოგიური კვლევებისათვის.

 

კონგრესი მნიშვნელოვანი სამეცნიერო პლატფორმაა კავკასიოლოგიის განვითარებისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის; უნიკალური ასპარეზია ინტელექტუალთა კულტურულ-ანთროპოლოგიური დიალოგისთვის. 

 

დაგეგმილია იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები: აკად. ივანე ჯავახიშვილის საფლავის ყვავილებით შემკობა; თსუ-ს მუზეუმსა და აკად. არნ. ჩიქობავას პირად ფონდში დაცული საარქივო მასალების თემატური გამოფენა.

დასაწყისი - 9:00 საათზე.

Related events