Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გიორგი გორაშვილის 2021 წლის 14 მარტის N4221/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  გამოცხადდეს კონკურსი (გასაუბრება) სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის   დაცვისა   და   უსაფრთხოების   სამსახურის   პერსონალის (ფიზიკური და ტექნიკური დაცვა) სამსახურში მისაღებად:
ა) ინსპექტორი (ფიზიკური  დაცვა) - 20 ვაკანსია;
ბ) ინსპექტორი (ტექნიკური დაცვა) – ერთი ვაკანსია.

2. ფუნქციები /ძირითადი მოვალეობები, სამუშაო დრო, ანაზღაურება:
2.1. ინსპექტორის  (ფიზიკური დაცვა) ფუნქციები/ძირითადი მოვალეობები:
ა) განუწყვეტლივ იმყოფებოდეს დასაცავ ობიექტზე, ყურადღებით აკონტროლოს დასაცავი ობიექტი, ელექტროდამცავი და სახანძრო სიგნალიზაციის მუშაობა. დაიცვას მასზე მიმაგრებული ობიექტის ქონება დაზიანებისაგან, გაძარცვისაგან, ხანძრისაგან ან/და სხვაგვარი ავარიისაგან. პერიოდულად გააკეთოს შემოვლები ობიექტზე და ობიექტის ირგვლივ, განსაკუთრებით ღამის საათებში;
ბ) სამსახურში ყოფნისას დაიცვას შინაგანაწესი, ეთიკის ნორმების შესაბამისად მოიქცეს უნივერსიტეტის თანამშრომლებთან, სტუდენტებთან და უნივერსიტეტში სტუმრად მოსულ პირებთან ურთიერთობაში;
გ) უნივერსიტეტში შინაგანაწესის შესაბამისად, აღკვეთოს ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის, დასაცავ ობიექტზე ალკოჰოლური სასმელების შემოტანა, თამბაქოს მოწევა, აზარტული თამაშები,    არ   დაუშვას   ობიექტზე   რაიმე   ინვენტარის   ან   ნივთის   შემოტანა–გატანა ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე;
დ) მკაცრად დაიცვას და სხვასაც მოსთხოვოს დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები;
ე)  სამუშაო   საათების   დასრულების   შემდეგ,   ობიექტის   ადმინისტრატორთან   ერთად შეამოწმოს ობიექტი, სიგნალიზაციის გამართული მუშაობა და ჩააბაროს კორპუსი; 
ვ)  შეასრულოს ხელმძღვანელის/ხელმძღვანელების მითითებები;
ზ) საჭიროების    შემთხვევაში    მოქალაქეებს    აღმოუჩინოს    გადაუდებელი    პირველადი დახმარება;
თ) დანაშაულებრივი ფაქტების აღმოჩენის, კონფლიქტური სიტუაციების ან სხვა გართულებების შემთხვევაში მყისიერად აცნობოს ოპერატიული მართვის ცენტრს ან დარეკოს ნომერზე 112.

2.2. დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორის სამუშაო დრო განისაზღვრება 24
საათიანი ცვლის რეჟიმით. სამუშაო ცვლებს შორის დასვენება შეადგენს 72 საათს.
2.3.    დაცვისა    და    უსაფრთხოების    სამსახურის    ინსპექტორის    შრომის    ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 500  (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით.

2.4. ინსპექტორის  (ტექნიკური დაცვა)  ფუნქციები/ძირითადი მოვალეობები:
ა)    დაცვის   ტექნიკური   საშუალებების:   ვიდეომეთვალყურეობის   და   სასიგნალიზაციო სისტემების მონტაჟი – დემონტაჟი. დაცვის ტექნიკური საშუალებების სწორ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა;
ბ) უსაფრთხოების მიზნით უნივერსიტეტის ობიექტების გარე და შიდა განათების ნორმალურ მუშაობაზე კონტროლი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
გ) საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დავალებით უნივერსიტეტის კორპუსებში განლაგებული ოთახების, საცავების და ა.შ. დალუქვა;
დ) დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სხვა მითითებების შესრულება.
2.5 დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორის (ტექნიკური დაცვა) სამუშაო რეჟიმი განისაზღვრება 40 (ორმოცი) საათიანი სამუშაო კვირით, თსუ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ახორციელებს კორპუსის დაცვას კვირაში ხუთი დღე.
2.6. დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორის (ტექნიკური დაცვა) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 820 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით.

3. უნარები:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ბ) ოპერატიულობა;
გ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
დ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
ე) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

4.  აპლიკანტმა გასაუბრების პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინოს:
ა) ავტობიოგრაფია;
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება); 
დ) ფოტოსურათი 3X4 (3 ც.) ასევე ფოტოსურათი CD დისკზე;
ე) დიპლომის, სერთიფიკატის ასლები (არსებობის შემთხვევაში);
ვ) ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);

5. გასაუბრების მეორე ეტაპზე  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის თაობაზე;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

6. გასაუბრება ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს 11 საათზე ბრძანების გამოცემიდან ერთი თვის განმავლობაში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი 013;
7. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის პერსონალის (ინსპექტორი) შესარჩევად  კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge- ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
8. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური).
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე