„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2021 წლის 30 ნოემბრის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N25392/10 წარდგინების
საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2021 წლის 02 ივნისის N75/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის („სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესი“):
ა.ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. აპლიკანტთა შერჩევის წესი
1. პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევის წესი ეფუძნება სამართლიანობის, თანასწორობის და გამჭვირვალობის პრინციპებს.
2. აპლიკანტთა შერჩევას ახორციელებს თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი შესარჩევი კომისია (შემდგომში - ,,კომისია“).
3. კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს აპლიკანტი ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ინტერესთა კონფლიქტში მყოფი სხვა პირი.
4. კომისიის მუშაობა წარიმართება პროგრამის განხორციელების მისამართზე ან/და დისტანციურად Covid-19 პანდემიით გამოწვეული პირობების გათვალისწინებით ან/და ცენტრის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით აპლიკანტის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
5. თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრი უზრუნველყოფს შერჩევის თარიღის დადგომამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე, აპლიკანტის ინფორმირებას შერჩევის თარიღისა და პროცედურის შესახებ.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრი კომისიას გამოუყოფს ონლაინ პლატფორმა “Zoom”-ის ლიცენზირებულ ანგარიშს გასაუბრების დისტანციურად წარმართვისთვის. კომისია შესაბამისი ანგარიშის გამოყენებით, უზრუნველყოფს ონლაინ შეხვედრების ორგანიზებას და გასაუბრებაში მონაწილეობისთვის ელექტრონულ მონაცემებს აწვდის აპლიკანტებს.
7. აპლიკანტები წინასწარ განსაზღვრულ დროს უნდა გამოცხადნენ გასაუბრებაზე. გასაუბრების ონლაინ ფორმატში წარმართვის შემთხვევაში, აპლიკანტებმა უნდა უზრუნველყონ ვიდეოთვალისა და მიკროფონის უწყვეტი ჩართულობა გასაუბრების მიმდინარეობის პროცესში.
8. კომისიის თავმჯდომარე აპლიკანტებს აცნობს გასაუბრების წარმართვის ზოგად პროცესს, წესებს და თითოეული აპლიკანტისთვის გამოყოფილი დროის ოდენობას.
9. აპლიკანტებისთვის მიწოდებული ინფომაციის შემდეგ იწყება გასაუბრების პროცესი და ყველა აპლიკანტი გადადის მოსაცდელ სივრცეში.
10. გასაუბრების ონლაინ ფორმატში წარმართვისას კომისიის წევრი უზრუნველყოფს თითოეული აპლიკანტის კომისიის წინაშე ინდივიდუალურად წარდგენას შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით.
11. კომისიის თავმჯდომარე ახდენს აპლიკანტის იდენტიფიცირებას შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტ(ებ)ის საშუალებით.
12. გასაუბრების დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე აპლიკანტს აძლევს მითითებას დატოვოს გასაუბრების შესაბამისი სივრცე.
13. გასაუბრების ონლაინ ფორმატში წარმართვის შემთხვევაში, კომისია უზრუნველყოფს პროცესის ჩაწერას კომისიის ოქმის შედგენის მიზნით. ოქმის შედგენის შემდგომ ჩანაწერი დაექვემდებარება განადგურებას.
14. გასაუბრების პროცესის სხვა ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობით ან თანამედროვე ელექტრონული პროგრამით ჩაწერა დაუშვებელია.“;
ა.ბ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. აპლიკანტთა შეფასების მეთოდები და ეტაპები
1. აპლიკანტთა შერჩევა ხორციელდება მოტივაციური გასაუბრების საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თუ დარეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა პროგრამაზე გამოცხადებულ ვაკანტური ადგილების რაოდენობას აღემატება 3-ჯერადად, ცენტრი უფლებამოსილია შერჩევის პროცესი ორ ეტაპად წარმართოს: ტესტირება და მოტივაციური გასაუბრება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აპლიკანტთა შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს, რომელთაგან თითოთეული იყენებს დიფერენცირებული შეფასების მეთოდებს, კერძოდ:
ა) ტესტი შედგება ღია ან/და დახურული კითხვებისგან და თითეული კითხვის წონა დამოკიდებულია მის შინაარსზე. ტესტირების შედეგები განსაზღვრავს გასაუბრების ეტაპზე გამსვლელ აპლიკანტთა ვინაობას. გასაუბრების ეტაპზე დაიშვება აპლიკანტი, რომელიც წარმატებით გადალახავს ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, რაც შეადგენს ტესტის საერთო ქულათა რაოდენობის 25%-ს.
ბ) გასაუბრება შედგება 6 ბლოკისგან და თითოეული ბლოკი ფასდება 0-4 ქულის ოდენობით (გასაუბრების შეფასების ფორმა იხ. დანართი N2). გასაუბრების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს ჯამური ქულის 15%-ს.
4. ტესტირება ტარდება - ცენტრის მიერ.
5. გასაუბრება ტარდება კომისიის მიერ და მათი მუშაობის წესი განისაზღვრება წინამდებარე წესით.
6. კომისიის წევრები ინდივიდუალურად აფასებენ აპლიკანტებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. აპლიკანტის მიერ მიღებული საბოლოო შეფასება გამოითვლება საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლის პრინციპით: ჯამდება კონკრეტული აპლიკანტის გამსაუბრებელი კომისიის მიერ დაწერილი ქულები და იყოფა კომისიის წევრების რაოდენობაზე. კომისიის თითოეული წევრი ცალ-ცალკე აფასებს თითოეულ აპლიკანტს.
7. კომისიის წევრებმა აპლიკანტების შეფასებისას უნდა იხელმძღვანელონ გასაუბრების სარეკომენდაციო შეფასების სქემით (იხ. დანართი N3).
8. თითოეული აპლიკანტისთვის გასაუბრების რეკომენდირებული ხანგრძლივობა შეადგენს არაუმეტეს 15 წუთს.“;
ა.გ) მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარისის მე-10 - მე-13 მუხლები:
„მუხლი 10. კომიისის შემადგენლობა და ფუნქცია-მოვალეობები
1. კომისია შეგება თავმჯდომარის, მდივნის და არა უმეტეს 4 წევრისგან. კომისია უფლებამოსილია თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
2. კომისიის თავმჯდომარის ფუნქცია-მოვალეობები:
ა) კომისიის ხელმძღვანელობა, მისი მუშაობის ორგანიზაცია ამ წესით დადგენილი რეგლამენტის საფუძველზე;
ბ) კომისიის წევრების შეკრება და აპლიკანტთა შერჩევის ეფექტიანი პროცესის წარმართვა;
გ) შერჩევის პროცესში გამოცხადებული აპლიკანტების აღრიცხვა;
3. კომისიის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს
ასრულებს კომისის ერთ-ერთი წევრი, რომელიც კომისიის იმავე სხდომაზე აირჩევა კომიის წევრთა ხმათა უმრავლესობით.
4. კომისიის მდივანის ფუნქცია-მოვალეობები:
ა) კომისიის წევრების ინფორმირება - შერჩევის პროცესის ჩატარების ფორმატის, დროისა და ადგილის მითითებით შეფასების თარიღის დადგომამდე გონივრული ვადით ადრე;
ბ) კომისიის წევრებისთვის ყველა საჭირო მასალისა და დოკუმენტის მიწოდება;
გ) კომისიის მუშაობის შესახებ ოქმის წარმოება;
დ) კომისიის თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია კომისიის მუშაობასთან.
5. კომისიის სხვა წევრთა ფუნქცია-მოვალეობები:
ა) აპლიკანტთა შერჩევის პროცესში სრულფასოვანი და ეფექტიანი მონაწილეობა ამ წესით გათვალისწინებული ნორმების დაცვით;
ბ) კომისიის თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულება, რომლიც დაკავშირებულია კომისიის მუშაობასთან.
6. კომისია უფლებამოსილია აპლიკანტს მოსთხოვოს პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტ(ებ)ი და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. კომისია უფლებამოსილია აპლიკანტს უთხრას უარი გასაუბრებაზე ან/და დროზე ადრე შეწყვიტოს გასაუბრება:
ა) თუ ვერ ხდება აპლიკანტის იდენტიფიკაცია;
ბ) აპლიკანტი აგვიანებს გასაუბრებაზე არასაპატიო მიზეზით;
გ) აპლიკანტი არ გამოცხადდა დანიშნულ დროს არასაპატიო მიზეზით;
დ) კომისიისთვის შესამჩნევი გახდა, რომ პასუხებს სხვა პირი კარნახობს (დისტანციურად გასაუბრებისას), რაც გაგრძელდა პირველადი გაფრთხილების მიცემის მიუხედავად.
8. გასაუბრების ეტაპი დახურულია და მასზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ კომისიის წევრებს და აპლიკანტს.
9. კომისიის წევრებს არ აქვთ უფლება გაამჟღავნონ აპლიკანტის მიერ მიღებული ქულები საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე.მუხლი 11. გასაუბრების შედეგები
1. კომისია გასაუბრების შედეგად მიღებულ საბოლოო შეფასებას ასახავს დანართ N2-ში.
2. პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის XIV თავით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.
3. აპლიკანტი უფლებამოსილია მოტივაციური გასაუბრების პროცესში წარმოშობილი ტექნიკური ხასიათის საკითხ(ებ)თან დაკავშირებით საჩივრით მიმართოს სააპელაციო კომისიას შესარჩევი კომისიის წინაშე მისი წარდგენიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში.
მუხლი 12. აპლიკანტთა შერჩევის შედეგების გასაჩივრება
1. აპლიკანტმა საჩივარი უნდა გამოაგზავნოს თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე cve@tsu.ge იმ ელექტრონული ფოსტიდან, რომლითაც დარეგისტრირებულია აპლიკანტი სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. საჩივრის ტექსტში უნდა იყოს მითითებული, თუ რომელ
პროგრამაზე, რომელ ლოკაციაზე, რა თარიღში ჰქონდა გასაუბრება აპლიკანტს და შემდეგ გასაჩივრების საფუძველი/მიზეზი;
2. სააპელაციო კომისია აპლიკანტის საჩივარს განიხილავს თუ აპლიკანტი მიუთითებს გასაუბრების პროცესში წარმოშობილი ტექნიკური ხასიათის შემდეგ საკითხ(ებ)ზე:
ა) აპლიკანტს არ მიეცა საკმარისი დრო გასაუბრებაზე (5 წთ.-ზე ნაკლები);
ბ) შესარჩევმა კომისიამ აპლიკანტს არ გააცნო გასაუბრების ზოგადი წესები და ამ ინფორმაციის არცოდნამ აპლიკანტის შეფასებაზე ნეგატიურად იმოქმედა;
გ) გასაუბრების პროცესში თანამედროვე ელექტრონული სისტემების გამოყენებისას წარმოიშვა ტექნიკური ხარვეზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამ ხარვეზმა აპლიკანტის შეფასებაზე ნეგატიურად იმოქმედა;
დ) გასაუბრების პროცესში კომისიის წევრმა აპლიკანტს დაუსვა ისეთი კითხვები, რომელიც არ იყო კავშირში მოტივაციურ გასაუბრებასთან ან/და აპლიკანტს არ მიეცა საშუალება კომისიის წევრის მხრიდან დასმულ შეკითხვაზე ეპასუხა ამომწურავად. მუხლი 13. სააპელაციო კომისიის მუშაობის პროცედურა
1. სააპელაციო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმღძვანელის ბრძანებით და შედგება არაუმეტეს 4 წევრისგან.
2. სააპელაციო კომისიის ფუნქცია-მოვალეობები:
ა) სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის სრულფასოვან მუშაობას და კომისიის წევრების შეკრებას;
ბ) სააპელაციო კომისიის მდივნის ფუნქცია-მოვალეობას ასრულების კომისიის ერთ- ერთი წევრი კომისიის თავმჯდომარის დავალებით, რომელსაც ევალება დააოქმოს კომისიის ყველა შეკრება;
გ) სააპელაციო კომისიის წევრ(ებ)ი აქტიურად არის ჩართული კომისიის მუშაობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
დ) კომისია უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი;
ე) სააპელაციო კომისია აპლიკანტის საჩივართან დაკავშირებით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.;
ვ) კომისიის მუშაობის შედეგები და გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით და მას ხელს აწერენ კომისიის დამსწრე წევრები;
ზ) სააპელაციო კომისია იღებს ორი სახის გადაწყვეტილებას: პირველი - საჩივარი რჩება განუხილველი და ეცნობება აპლიკანტს ელექტრონული სახით, მეორე - საჩივარი დაკმაყოფილდება და სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება ეგზავნება შესარჩევ კომისიას შემდგომი რეაგირების მიზნით.“
ბ) ბრძანებას, პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი და შესაბამისი დანართები (დანართი N2, დანართი N3) -
,,11. დამტკიცდეს ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტების გასაუბრების შეფასების ფორმა“ (დანართი N2) და ,,გასაუბრების შეფასების სქემა“ (დანართი N3).“.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე