Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის No135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2023 წლის 3 ივლისის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N18083/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის შუალედური შეფასების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 11 სექტემბრის N339/01- 01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში N1 („სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის შუალედური შეფასების წესი და პირობები“) და დანართის:

ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შუალედურ შეფასებაზე გასვლა სტუდენტისთვის სავალდებულოა 2024 წლის მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებისთვის და ის წარმოადგენს შემდგომში საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წინაპირობას.“;
ბ) მე-2 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედებამდე უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი უფლებამოსილია პილოტირების რეჟიმში ჩაატაროს შუალედური შეფასება.“;
გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შუალედური შეფასების დაგეგმვასა და განხორციელებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი, ხოლო დუალური მიდგომით განხორციელებული პროგრამის შემთხვევაში სასწავლო საწარმოსთან ერთად.“;
დ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სტუდენტის შეფასების დამატებითი პირობები (არსებობის შემთხვევაში);“;

ვ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“6. ვალიდაციის მიზნით, შუალედური შეფასების ადმინისტრირების ჯგუფი შეფასების ინსტრუმენტის პროექტს, შეფასების განხორციელებამდე 1 5 სამუშაო დღით ადრე, წარუდგენს უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერს/სპეციალისტს, რომელიც ამოწმებს შეფასების ინსტრუმენტების თავსებადობას განვლილ მოდულებთან მიმართებაში.“;

ზ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ სტუდენტი ავადმყოფობის ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ გამოცხადდება შუალედურ შეფასებაზე მას შეუძლია არგუმენტირებული განცხადებით მიმართოს უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელს, სადაც უნდა დაასაბუთოს დოკუმენტალურად შეფასების გაცდენის მიზეზი.“;

თ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. წინამდებარე ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედების შემდეგ სტუდენტის შუალედურ შეფასებაზე (მათ შორის, დამატებით შუალედურ შეფასებაზე) გამოუცხადებლობა იწვევს პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებას.“.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  ჯაბა სამუშია