Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, „დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი“-ს (დამტკიცებული წარმომადგენლობითი საბჭოს 2023 წლის 26 დეკემბრის სხდომის ოქმი N7) მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის, მე-5 მუხლის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 29 თებერვლის N8/04 ერთობლივი ბრძანების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსის ა. კუკულავას 2024 წლის 26 თებერვლის N5159/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს შიდასაუნივერსიტეტო კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2200 (ორიათასორასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით.

3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ში დასაქმებულ პერსონალს.

4. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება.

გ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სათანადო ცოდნა.

დ) საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“; თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: თსუ წესდება, თსუ შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები, თსუ ეთიკის კოდექსი.

5. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

ა) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

ბ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

გ) ოპერატიულობა;

დ) კომპიუტერული უნარები;

ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

ზ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

თ) დასაბუთების უნარი;

ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა.

6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მიღების ან შეცვლის შესახებ, უნივერსიტეტისა და მისი თანამშრომლების ინფორმირება, მათთვის კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) უნივერსიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი, მათ შორის, მონაცემთა აღრიცხვა, მონაცემების დამუშავების იდენტიფიცირება და დოკუმენტების მომზადება (პოლიტიკის დოკუმენტები და სხვა);

დ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

ე) კონსულტაციების მიღება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან, უნივერსიტეტის წარმოდგენა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ვ) მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ზ) ინციდენტის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმირება;

თ) უნივერსიტეტის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულება, მათ შორის, მონაცემთა დამუშავების ხარვეზების აღმოჩენა და აღმოფხვრა, ტრენინგების განხორციელება და სიახლეების შესახებ უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება.

7. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კონკურსში მონაწილეობის მსურველ თსუ-ში დასაქმებულ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;

ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

9. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2024 წლის 4 მარტიდან 2024 წლის 10 მარტის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი“.

11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe.

12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2024 წლის 25 მარტისა.

13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი