Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის პირველი ოქტომბრის №100/2020 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი და მე-13 მუხლის მე-5, მე-6 პუნქტები ითვალისწინებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე წინაპირობიანი მოდულების სწავლის შედეგების დადასტურების წესს. COVID-19 პანდემიის გავრცელების შედეგად დადგენილი შეზღუდვების გამო, პროფესიული სტუდენტები ძირითადად იმყოფებიან რეგიონებში საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე. მათ გარკვეულ კატეგორიას არ აქვს საკუთარი პერსონალური კომპიუტერი და ლექციებს ესწრებიან სმარტფონების გამოყენებით, შეზღუდული ინტერნეტის წვდომის პირობებში. რადგან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულების სწავლის შედეგების შეფასებების პროცესში აუცილებელია საოფისე პროგრამების გამოყენება, მხოლოდ სმარტფონის საშუალებით, მათ ვერ შეძლეს შეფასების ინსტრუმენტით გაწერილი პრაქტიკული დავალებების შესრულება და სწავლის შედეგ(ებ)ის დადასტურება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წინაპირობიან მოდულებში. 


პროფესიული სტუდენტები, COVID-19 პანდემიის გავრცელების შედეგად დადგენილი შეზღუდვების შემსუბუქებისა და საქალაქთაშორისო, მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, აქტიურად ითხოვენ გამოტოვებული შეფასებების აღდგენას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროფესიული სტუდენტების დიდი რაოდენობის მომართვის და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის, მიზანშეწონილია, გამონაკლისი წესით, მიეცეთ უფლება პროფესიულ სტუდენტებს სწავლის შედეგები დაადასტურონ იმ მოდულებში, რომელიც არის  სხვა მოდულების წინაპირობა, რათა მათ შეძლონ სასწავლო პროცესში ჩართვა და სწავლის გაგრძელება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის 2021 წლის 17 მარტის MES 4 21 0000242080 წერილის, თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 18 მარტის  №4684/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 19 მარტის №7 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ პროფესიულ სტუდენტებს, რომლებიც COVID-19 პანდემიის გავრცელების შედეგად დადგენილი შეზღუდვების გამო ვერ დაესწრნენ შეფასებებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის  მოდულებში, რომელიც სხვა მოდულების წინაპირობაა, მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით მიეცეთ უფლება ერთჯერადად, გამონაკლისის სახით, სწავლის შედეგების დასადასტურებლად მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ შეფასებებში. 


2. თსუ პროფესიული განათლების ცენტრს სწავლის შედეგების შეფასების პროცესში დაევალოს:


ა) შეფასებების ჩატარება კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის A,B,C გარემოში;
ბ) კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების პერიოდში დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
გ) პროფესიული სტუდენტების სიის შედგენა, ჩასატარებელი შეფასებების ცხრილის გაკეთება და პროფესიული სტუდენტების ინფორმირება;
დ) დადასტურებული სწავლის შედეგების სათანადო წესით გაფორმება და შენახვა.


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

 

გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე