გარდაიცვალა პროფესორი ლალი ქეცბა-ხუნდაძე, ცნობილი მეცნიერი და პედაგოგი, გერმანისტთა მრავალი თაობის აღმზრდელი და მასწავლებელი. ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა იმ დღიდან, როცა იგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის სრულიად ახალგაზრდა თანამშრომელი, თავის მიერ მომზადებული “გერმანული ფილოლოგიის შესავლის” სალექციო კურსით პირველად წარსდგა დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანული განყოფილების სტუდენტთა წინაშე. მას შემდეგ მთელი ცხოვრება ამ კათედრის უცვლელი წევრი იყო – ჯერ დოცენტი, შემდეგ პროფესორი, ბოლო 20 წელი კი – 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე – მისი ხელმძღვანელი.
ფართო და მრავალმხრივი იყო ლალი ქეცბა-ხუნდაძის სამეცნიერო ინტერესები. როგორც ჭეშმარიტი ფილოლოგი, იგი ერთნაირი გატაცებით იკვლევდა გერმანულენოვანი ტექსტების როგორც ლინგვისტურ, ისე ლიტერატურათმცოდნეობითს ასპექტებს. “თომას მანისა და რაინერ მარია რილკეს ლიტერატურული წერილების ლინგვისტურ-სტილისტური ანალიზი” – მის მიერ 1973 წელს დაცული სადისერტაციო ნაშრომის ამ სათაურში თითქოს პირდაპირაა მონიშნული ავტორისთვის ახლობელი იმ საკვლევაძიებო სივრცის ცალკეული რეგიონები, რომელშიც 50 წელზე მეტი ხანი დაუღალავ შრომაში გაატარა და რომელსაც საბოლოოდ საკუთარი ღრმა კვალი დაამჩნია.
საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად სხვადასხვა დროს ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში გერმანულ ენაზე გამოქვეყნებულ მის სტატიებს სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების – მათ შორის ჰერმან ჰესეს “ზიდჰარტას”, აკა მორჩილაძის “სანტა ესპერანსას”, გივი მარგველაშვილის “ოტელოს სასამართლოს” (ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) – სპეციფიკური სტრუქტურული თავისებურებების შესახებ. მეორე მხრივ, გერმანულ ენაზე გამოცემული მისი “გერმანისტული ენათმეცნიერების საფუძვლები” (დიტრიხ ბუსეს თანაავტორობით) არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ფართოდ აღიარებულ საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოდ იქცა გერმანისტიკის მიმართულების სტუდენტთათვის. რაც შეეხება ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს, ლალი ქეცბა-ხუნდაძის “გერმანული ენის ლექსიკოლოგია” (დავით გიორგობიანის თანაავტორობით) დღემდე საუკეთესო სახელმძღვანელოდ არის მიჩნეული ქართველი სტუდენტებისთვის, ხოლო მისი “გერმანულენოვანი მხატვრული ლიტერატურის ქართული თარგმანების ბიბლიოგრაფია” ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეგზურია გერმანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
შემთხვევითი არ იყო, რომ ლალი ქეცბა-ხუნდაძეს წილად ხვდა პატივი გამოჩენილი გერმანელი პუბლიცისტის, მარიონ ფონ დიონჰოფის, სახელობის ფონდის პირველი ქართველი სტიპენდიატი გამხდარიყო. და, რა თქმა უნდა, არც ისაა შემთხვევითი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას თავისი უმაღლესი ჯილდო – ივანე ჯავახიშვილის მედალი – გადასცა.
ცნობილი იყო ლალი ქეცბა-ხუნდაძის, როგორც მკვლევრისა და მასწავლებლის, მუდმივი მზადყოფნა თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობისათვის. ეს თვისება საშუალებას აძლევდა დაემყარებინა და გაეღრმავებინა კავშირი სხვა – უპირატესად გერმანული – უნივერსიტეტების გერმანისტებთან და შესაბამის ინსტიტუტებთან, რაც, სხვა სიკეთეებთან ერთად, სტუდენტებისა და დოქტორანტების პროფესიულ დაოსტატებასა და მათს საერთაშორისო სამეცნიერო კონტექსტში ჩართვასაც უწყობდა ხელს. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებებით გამაგრებული ინსტიტუციური პარტნიორობა ბამბერგის, დიუსელდორფისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებთან.
ამგვარი თანამშრომლობის ერთ-ერთი ნაყოფი იყო – მრავალ მაგალითთაგან კვლავ მხოლოდ ერთს გამოვყოფთ – ლალი ქეცბა-ხუნდაძისა და ფრიდერიკე შმიოეს მიერ ერთობლივად გამოსაცემად მომზადებული რამდენიმე ტომი ყოველწლიური შრომათა კრებულისა “გერმანისტული ძიებანი” (გერმანულ ენაზე), რომლის ბეჭდვას ერთდროულად თბილისისა და დორტმუნდის უნივერსიტეტები უზრუნველყოფდნენ. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მადლიერმა კოლეგებმა და მოწაფეებმა ლალი ქეცბა-ხუნდაძეს ამ კრებულის ერთ-ერთი მორიგი ტომის გამოსაცემად მომზადების პატივი “წაართვეს” და თავად იდვეს თავს, რათა ეს – რიგით მე-12 – ტომი სწორედ მისთვის, 70 წლის იუბილარისთვის, მიეძღვნათ.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ლალი ქეცბა-ხუნდაძის ცხოვრებისა და შემოქმედების კიდევ ერთი მხარე. 2018 წელს ფრანკფურტში გამართულ წიგნის ბაზრობაზე, რომელზეც საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული საქართველოს ლიტერატურა გერმანულად თარგმნილი მრავალი წიგნით იყო წარმოდგენილი, ერთ-ერთი პოეტური კრებულის ყდაზე ავტორის გვარ-სახელის დანახვამ ერთბაშად ბევრი ქართველის დიდი გაოცება გამოიწვია: ლალი ქეცბა-ხუნდაძეს, როგორც შესანიშნავ გერმანისტს, ყველა იცნობდა, მაგრამ როგორც პოეტს – არავინ. კიდევ უფრო დიდი იყო მათი გაოცება, როცა გაირკვა, რომ კრებულში თავმოყრილი ლექსები ქართულიდან კი არ უთარგმნიათ, არამედ საკუთრივ გერმანულ ენაზე შეუქმნია ავტორს. თუმცა როცა კრებულის პრეზენტაცია დაიწყო, გაოცება თანდათან დიდმა სიხარულმა შეცვალა, რადგან გერმანელი სტუმრები აღტაცებას ვერ მალავდნენ და ყოველ წაკითხულ ლექსს გულწრფელი ტაშით ხვდებოდნენ.
უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ამ კრებულში ის ლექსია, რომელსაც ავტორი მეუღლის, შესანიშნავი ექიმის, რომან ხუნდაძის, ხსოვნას უძღვნის. მისი გარდაცვალება ლალი ქეცბა-ხუნდაძეს სიცოცხლის ბოლომდე მოუშუშებელ ტკივილად დარჩა. აქვე უნდა ითქვას, რომ ლალი ქეცბა-ხუნდაძის პორტრეტი ვერ იქნება სრული, თუ არაფერი ითქმება მის პირად მომხიბლაობაზე. ის არა მარტო სულიერად, არამედ ფიზიკურადაც, გარეგნობითაც ჰგავდა თავის ლექსებს – შთამბეჭდავი, მიმზიდველი, უბრალოდ ძალიან ლამაზი.
ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე ავადმყოფობა სტანჯავდა, მაგრამ ბედნიერი იყო, რომ შვილის, რძლისა და შვილიშვილების სიყვარულით სავსე ზრუნვით იყო გარემოცული. ბოლო დღემდე თავს ევლებოდა ვაჟი, შალვა ხუნდაძე, რომელიც ოჯახის ტრადიციას აგრძელებს და ქართულ-გერმანული ურთიერთობის ერთ-ერთი საიმედო დასაყრდენია.
ვემშვიდობებით პროფესორ ლალი ქეცბა-ხუნდაძეს და სამძიმარს ვუცხადებთ მისი ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, კოლეგებსა და მოწაფეებს. ქართული გერმანისტიკისთვის ეს მეტად მძიმე დანაკლისია.
მშვიდობით, ძვირფასო ლალი. მშვიდად განისვენე.