Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტს რექტორის სტიპენდია გადაეცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის პირველი სტიპენდიატი გამოვლინდა.

რექტორის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილებით 2013/14 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიატი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ გულბიანი გახდა.

დაჯილდოების ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის თავმჯდომარე, რექტორის მოადგილე, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, კომისიის წევრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს გადაწყდა დაარსებულიყო თსუ რექტორის სტიპენდია, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის საუკეთესო სტუდენტი მიიღებდა - ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი, რომელიც სხვა რომელიმე სტიპენდიის მფლობელი არ იქნებოდა. მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით ასპროცენტიანი აკადემიური მოსწრების 6 სტუდენტიდან კომისიამ საუკეთესო - მარიამ გულბიანი შეარჩია. ვულოცავთ მარიამს და წარმატებებს ვუსურვებთ. მსგავსი სახის წახალისებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სწავლით დაინტერესებას და მაღალი დონის პროფესიონალებად მათ ჩამოყალიბებას.“

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამდენ წარმატებულ სტუდენტს შორის რექტორის სტიპენდია მე მერგო. ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. დიდი მადლობა უნივერსიტეტის რექტორს და კომისიას. ჩემი წინაპრები ყველანი თსუ-ში სწავლობდნენ და ყველანი სტიპენდიატები იყვნენ. ბედნიერი ვარ, რომ მე მათ გზას მივყვები“- აღნიშნა რექტორის სტიპენდიატმა მარიამ გულბიანმა.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას ინიციატივით 2013/14 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად სპეციალურმა კომისიამ შეარჩია მაღალი აკადემიური მოსწრების ბაკალავრიატის სტუდენტი, რომელიც რექტორის ხელფასიდან ერთი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას -250 ლარს მიიღებს.

მომავალი სტიპენდიატები ყოველ სემესტრში კომისიის მიერ  შეირჩევიან.  სტიპენდიატი სტუდენტი მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა  დამატებით კრიტერიუმებს - სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის, სამეცნიერო სტატიების და პუბლიკაციების გამოქვეყნების კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.