ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „ამერიკული დემოკრატია: მიღწევები და გამოწვევები“, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დაარსების 250-ე წლისთავს ეძღვნება.
თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ხაზი გაუსვა საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და თსუ-ს წარმატებულ თანამშრომლობას:
„დამოუკიდებელი საქართველო ვალშია აშშ-ის წინაშე იმ მხარდაჭერის გამო, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე გრძელდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საელჩო მხარს უჭერს თსუ-ის და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე დალასში ტეხასის უნივერსიტეტთან მიმდინარე პროექტებს. ყოველწლიურად ვითარდება თსუ-ის და ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომლობა, რომელიც ძალიან ფასეულია ჩვენი სტუდენტებისთვის და რომლის განხორციელებაშიც აშშ-ის საელჩოს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.“
ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორები.