Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) საქართველოს ეროვნული ოფისი თსუ-ში განთავსდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დირექტორთან ლორ კასტენთან ერთად თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც, თსუ-ში AUF საქართველოს ეროვნული ოფისი განთავსდება. 

 

ღონისძიებას ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში თამარ ღარიბაშვილი, AUF - ის პარტნიორი უნივერსიტეტების და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფრანგული ენისა და  ფრანგულენოვანი პროგრამების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ-ს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. “ჩვენი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს ფრანგული ენისა და კულტურის სწავლებას. დღეს ვმასპინძლობთ ფრანკოფონიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციის AUF -ის წარმომადგენლობას და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე  გადავდივართ, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ფრანგული ენის პოპულარიზაციასა და სწავლების მეთოდების განვითარებას“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ. 

 

ეროვნული ოფისი AUF-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სამმართველოსთან თანამშრომლობით ხელს უწყობს AUF-ის პროექტების განხორციელებას საქართველოში. ეროვნული ოფისის სივრცეში განთავსდება დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი (CEF).

 

როგორც ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ლორ კასტენმა აღნიშნა, თსუ საქართველოში AUF-ის პირველი ასოცირებული წევრი უნივერსიტეტია. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პატივია, რომ AUF საქართველოს ეროვნული ოფისი თსუ-ში განთავსდება. მემორანდუმის ფარგლებში თსუ-ში  ასევე დაფუძნდება დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი (CEF). 

 

AUF მსოფლიოში უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასოციაციაა, რომელიც 1000-ზე მეტ უნივერსიტეტს, უმაღლეს სკოლას, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევით ცენტრს აერთიანებს მსოფლიო მასშტაბით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2008 წლიდან ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია. 2023 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ რექტორთა კონფერენციაზე ქართული დელეგაციის წარდგინებით.