Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ სამეცნიერო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სამეცნიერო კონფერენცია გახსნა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ქართულ მწერლობას მიეძღვნა.

 

ქართველმა მეცნიერებმა მეორე მსოფლიო ომში ქართველი მწერლების შემოქმედებაზე მოხსენებები წარმოადგინეს. ღონისძიებაზე ასევე, წარმოდგენილი იყო ამ პერიოდის მწერლების მცირე ანთოლოგია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა  მოამზადა კონფერენციის ფარგლებში.

 

„ანთოლოგიაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ქართველი მწერლების შემოქმედებაა წარმოდგენილი, რაზეც დიდი შრომაა გაწეული ჩვენი თანამშრომლების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდის ლიტერატურაა, ლექსების დიდი ნაწილი საოცარი ლიტერატურული ნამუშევარია. ვფიქრობ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ეს მიმართულება საკუთარი კვლევის თემად აქციონ და საინტერესო ნაშრომები მივიღოთ,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ყურადღება გაამახვილა სამხრეთ საქართველოს, 1945 წელს ტაო-კლარჯეთის 1945  შემოერთებისას დაწყებულ იდეოლოგიურ კამპანიას ქართველი მწერლების მიერ შექმნილ ნაწარმოებებზე. ასევე, ფრონტის მეორე მხრიდან დანახული ქართველი ლეგიონერების პოეზიაზე.

 

სამეცნიერო კონფერენცია „II მეორე მსოფლიო ომი და ქართული მწერლობა“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ორგანიზებით გაიმართა.

 

„მეორე მსოფლიო ომმა ყველაზე დიდი მსხვერპლი მოიტანა მსოფლიოში და ამ დიდ ომში ჩვენი ქვეყანაც ძალიან დიდი წილით იყო ჩართული. ეს იყო ამბავი, რომელმაც ყველა ოჯახში შეაღწია. არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი არ ასახულიყო ქართულ მწერლობაში და ლიტერატურაში, რომელსაც ჩვენი კონფერენცია ეძღვნება. მცირე ანთოლოგია, რომელიც ამ კონფერენციის ფარგლებში მომზადდა, ახალგაზრდა თაობას გააცნობს იმ განცდებს, რაც ამ ომს ახლდა და რაც ჩვენს მწერლობაშიც აისახა“,- აღნიშნა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, ი. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის, მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმის წარმომადგენლები.