Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ ტრირის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ტრირის (გერმანია) უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ევა მართა ეკრამერთან ერთად თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს.

 

მემორანდუმი ხელს შეუწყობს სტუდენტების, პროფესორებისა და მკვლევრების გაცვლას, ასევე, ერთობლივი კვლევების, ლექციების, სიმპოზიუმების ჩატარებას.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საქართველოსა და გერმანიას შორის საუნივერსიტეტო თანამშრომლობაზე ისაუბრა. „სწორედ გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ჩვენი სტუდენტები პირველად წავიდნენ გერმანიაში სასწავლებლად. წლების განმავლობაში გერმანია და გერმანული უნივერსიტეტები მხარში ედგნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ერთ-ერთი პირველი ხელშეკრულება თსუ-მ სწორედ გერმანულ უნივერსიტეტთან გააფორმა.  ვისურვებ, რომ ამ მემორანდუმით კიდევ უფრო გაღრმავდეს ქართულ-გერმანული ურთიერთობები“,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

ტრირის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ევა მართა ეკრამერმა მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტების გაცვლასა და ერთობლივი კვლევითი პროექტების ხელშეწყობაზე ისაუბრა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა ტრირის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.

 

ტრირის (გერმანია) უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორებმა გერმანელ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.