საქართველოს გეოლოგიურ და კულტურულ მემკვიდრეობას უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად. გეოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირის (IUGS) მიერ ჯავახეთის ბაზალტს მიენიჭა გლობალური სტატუსი – „მემკვიდრეობის ქვა“ (Heritage Stone) და გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.
ჯავახეთის ბაზალტი პირველი ქვაა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიიდან, რომელსაც ეს სტატუსი მიენიჭა. „მემკვიდრეობის ქვის“ საერთაშორისო სტატუსი არის ხარისხის ნიშანი, რომელიც ენიჭება ბუნებრივ სამშენებლო ქვას და ხაზს უსვამს მის კულტურულ, ისტორიულ, არქიტექტურულ და გეოლოგიურ ღირებულებებს. სტატუსის მიზანია იმ ქვების დაცვა და პოპულარიზაცია, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში.
სტატუსის აღიარება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ მომზადებული განაცხადის საფუძველზე მოხდა. ინსტიტუტის სამეცნიერო თემატიკის მიხდვით, საქართველოს ახალგაზრდა ვულკანიზმს სწავლობს ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი: გიორგი ვაშაკიძე, ქეთევან გაბარაშვილი, თამარ ბერიძე, მანანა კავსაძე და კობა ლობჟანიძე. მათ მიერ 2023-2026 წ.წ. შესრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი „ჯავახეთის ვულკანური პროვინციის (სამხრეთ საქართველო) ლავური ნაკადების ვულკანური ფაციესების არქიტექტურისა და მათთან ასოცირებული ლავათშორისი ჰორიზონტების კვლევა“. ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე ჩატარებული საველე სამუშაოების დროს ყურადღებას იპყრობდა, როგორც ისტორიულ, ასევე თანამედროვე საკულტო და საერო არქიტექტურასა და საყოფაცხოვრებო ნივთებში ბაზალტის ფართო გამოყენება. შედეგად დაიბადა აზრი, რომ პროექტის ფარგლებში, „მემკვიდრეობის ქვის“ სტატუსის მოსაპოვებლად წარგვედგინა ჯავახეთის ბაზალტი. დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით და პროექტის უცხოელი კონსულტანტის, ინდოეთის ქ. პუნის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ რაიმონდ დურაისვამის ჩართულობით მომზადდა განაცხადი და გეოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირის გეომემკვიდრეობის კომისიის ქვების ქვეკომისიას წარედგინა განსახილველად, რომელიც ხუთი საერთაშორისო ექსპერტის მიერ უმაღლესი ქულით (3.8) შეფასდა. 2026 წლის იანვარში ჯავახეთის ბაზალტს მიენიჭა მსოფლიო მემკვიდრეობის ქვის სტატუსი და დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი მსოფლიოში კარგად ცნობილი ბუნებრივი ქვების რიგებში. ეს არის საერთაშორისო სტატუსი, რომელიც ენიჭება ბუნებრივ სამშენებლო ქვას და ხაზს უსვამს მის კულტურულ, ისტორიულ, არქიტექტურულ და გეოლოგიურ ღირებულებებს.
ჯავახეთის ბაზალტი გეოლოგიური თვალსაზრისით უკავშირდება ზედაპლიოცენურ ქვედაპლეისტოცენური პერიოდის (3.75-1.50 მლნ.წ.) მძლავრ ვულკანურ აქტივობას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე მიმდინარეობდა. ვულკანური წარმონაქმნები წარმოადგენს სამხრეთ საქართველოს, სომხეთის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში და ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიებზე გადაჭიმული კონტინენტური პლატობაზალტების ნაწილს, რომელიც ცოტა ხნის წინათ მსოფლიოში ყველაზე მცირე, სამხრეთ კავკასიის კონტინენტური პლატობაზალტური პროვინციის სახელით გამოიყო.
ჯავახეთი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, გეოლოგიური აგებულებითა და ისტორიით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა. უძველესი ადამიანის მიერ ბაზალტის თვისებების სწორად განსაზღვრამ, დასაბამი მისცა მის ფართო გამოყენებას სხვადასხვა დანიშნულებით და, ამგვარად, შიქმნა მდიდარი კულტურული მემკვიდრება. ბაზალტი საუკუნეების განმავლობაში დომინანტურ ბუნებრივ სამშენებლო მასალად იქცა და აყალიბებდა რეგიონის რელიგიურ, სამხედრო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურას, რაც დღესაც აქტიურად გრძელდება. ჯავახეთის ბაზალტის გამოყენება, როგორც დაუმუშავებელი, ასევე კარგად დამუშავებული მასალის სახით ცნობილია უძველესი პერიოდიდან. იგი გამოიყენებოდა როგორც მეგალითურ, ისე ადრექრისტია ნულ და გვიანქრისტიანულ საცხოვრისებში, საკულტო (ორთოდოქსული, გრეგორიანული და კათოლიკური) და თავდაცვით საფორტიფიკაციო ნაგებობებში. ბაზალტისგან მზადდებოდა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო კულტურული მემკვიდრეობის დამადასტურებელი ნივთებიც, რომელთაგან ზოგიერთს დღემდე იყენებენ. ბაზალტის კულტურული და არქიტექტურული გამოყენება უნიკალური და ენდემურია სამცხე-ჯავახეთისა და მიმდებარე ტერიტორიებისთვის.
რას ნიშნავს მსოფლიო მემკვიდრეობის ქვის სტატუსი: 1. საერთაშორისო პრესტიჟი და სამეცნიერო აღიარება. გლობალური ხილვადობა: რატიფიცირებული ქვა არის „საერთაშორისო გეოლოგიური მემკვიდრეობის“ ნაწილი და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეტანილია გლობალურ რეესტრში, რაც საერთაშორისო დონეზე ზრდის მის ცნობადობას და პოპულარობას მსოფლიო გეოლოგიურ და არქიტექტურულ წრეებში. სტანდარტიზაცია: არის საიმედო მასალა რესტავრატორებისთვის მთელ მსოფლიოში. სტატუსის მნიშვნელობა: ეს ქვა მხოლოდ სამშენებლო მასალა კი არაა, არამედ დედამიწის გეოლოგიური და კაცობრიობის კულტურული ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. 2. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და რესტავრაცია. გავუფრთხილდეთ იმას, რაც მსოფლიომ უკვე აღიარა. 3. ეკონომიკური და გეოტურისტული პოტენციალის გაზრდა. 4. საგანმანათლებლო და კვლევითი სტიმული.
სტატუსი ქვეყნის კულტურული იდენტობის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია. სტატუსის მინიჭება აჩვენებს მსოფლიოს, რომ ქვეყანა აფასებს თავის გეოლოგიურ მემკვიდრეობას და აქვს მყარი მეცნიერული საფუძველი თავისი ბუნებრივი სიმდიდრის მართვისთვის.
2026 წლის 4-8 ნოემბერს პორტუგალიაში, ალგარვენსის გეოლოგიურ პარკში გაიმართება მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირის სპეციალური ფორუმი, სადაც მოხდება რატიფიცირებული ქვების, მათ შორის ჯავახეთის ბაზალტის, ოფიციალური საზეიმო წარდგენა.