თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თელავში გამართულ მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების გამოფენა, სადაც თსუ საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად წარდგა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ბიოლოგიის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ზოოლოგიის, მინერალოგიისა და ქიმიის მიმართულებით თსუ-ში განხორციელებულ საინტერესო პროექტებს, ექსპერიმენტებსა და აქტივობებს. თსუ აქტივობების ორგანოზებაში მონაწილეობა მიიღეს თსუ პროფესიული პროგრამის "ღონისძიების ორგანიზების" სტუდენტებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ფესტივალი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.