საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო პროფილი

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) წარმოადგენს პირველ ეროვნულ უნივერსიტეტს საქართველოში, ისევე როგორც, პირველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მან საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში უმაღლესი განათლების ფორმირებას, შრომითი ბაზრისთვის კურსდამთავრებულების სახით წარმოშვა ინტელექტუალური ადამიანური რესურსი და ხელი შეუწყო დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას. თსუ ასწლეულზე მეტია ოპერირებს როგორც უმაღლესი განათლების ხარისხის მიმნიჭებელი ინსტიტუცია და იღწვის თანასწორობის, სამართლიანობისა და განვითარების პრინციპების დასამკვიდრებლად.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა 1918 წლის 8 თებერვალს, რომელმაც ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლესი განათლების განვითარებას. უნივერსიტეტის 12 დამფუძნებელს შორის უმეტეს მათგანს უმაღლესი განათლება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჰქონდათ მიღებული. მათ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და პირადი კონტაქტები ქართული უნივერსიტეტის დაარსების იდეას მოახმარეს და ამგვარად შექმნეს დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული ქართული უმაღლესი განათლების სისტემა. თსუ სასწავლო პროცესს ყოველთვის წარმართავდა ქართულ ენაზე, რაც გამორჩეულს ხდიდა მას ყველა სხვა სასწავლებლისგან, ყოფილი რუსეთის იმპერიის პირობებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკონოვანი იუბილე იუნესკოს ეგიდით აღინიშნა და მას საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები მიეძღვნა.

 

თსუ ამაყია თავისი საერთაშორისო პროფილის მრავალწლოვანი ისტორიით. პირველი საერთაშორისო ინსტიტუციონალური თანამშრომლობა თარიღდება მე-20 საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისით, ხოლო გაცვლითი პროგრამები უკვე აქტიურ ფაზაშია 70-იანი წლების დასაწყისიდან. მას შემდეგ, თსუ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციას განიხილავს  განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ვექტორად. დღესდღეობით ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით დასახული მიზნები პირდაპირ თანხვედრაშია უნივერსიტეტის 2018-24 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმასთან, რომელიც 2018 წლის თებერვალში დამტკიცებულ იქნა თსუ აკადემიურ საბჭოს მიერ. აღნიშნული გეგმის უმეტესი ნაწილი მიზანმიმართულია უნივერსიტეტის საერთაშორისო როლის ამაღლებაზე, რათა მან თავისი წვლილი შეიტანოს უმაღლესი განათლების საერთაშორისო სივრცეში.

 

ჩვენი შეხედულებით, უმაღლესი განათლების გლობალურ ჭრილში თსუ-ს ძლიერ მხარედ უნდა მოვიაზროთ ტრანსნაციონალური განათლებისა და კვლევების წინსვლის კუთხით მიმართული მისი საერთაშორისო ჩართულობა და კონტრიბუცია.

 

თსუ-ს საერთაშორისო პროფილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.

 

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური განვითარების სტრატეგია 

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერული თანასწორობის გეგმა

 

რექტორის ბრძანება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერული თანასწორობის გეგმის დამტკიცების შესახებ

 

თსუ-ს 2018-24 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.