საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 

2011 წლის 16 მარტის №27/2011 დადგენილებით

 

I.    ზოგადი დებულებანი

 

1.    მიზანი

 

1) ეს დადგენილება აწესრიგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამების განხორციელებისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისთვის აუცილებელ მინიმალურ სტანდარტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2)  დოქტორანტურის მიზანია სადოქტორო პროგრამების საფუძველზე დოქტორანტის ინტელექტუალური ზრდა, აკადემიური და კვლევითი რესურსების დაახლოვება, ქვეყანაში სამეცნიერო მუშაობის გააქტიურება და ხარისხის ამაღლება, საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ჩართვა, ახალი ცოდნის შექმნისა და დანერგვისთვის ხელის შეწყობა.

 

2.    დოქტორანტურა


1) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა არის უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური,   სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. 
2) სადოქტორო პროგრამას წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთი ან რამდენიმე ფაკულტეტი და ამტკიცებს თსუ-ს აკადემიური საბჭო.
3) დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს.

 

II. დოქტორანტურაში მიღების წესი 

 

3. დოქტორანტურაში სწავლის უფლება

 

1) დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
2) დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება, მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს „საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“ 50-ე  მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.


4. დოქტორანტურაში მიღების პირობები 

 

1) დოქტორანტობის კანდიდატი წარმოადგენს განაცხადს და გადის გასაუბრებაზე სადისერტაციო საბჭოს დებულებით დადგენილი წესით. დოქტორანტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო ხემძღვანელის შერჩევაში.
2) დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული სემეცნიერო ენის (გერმანული, ინგლისური ან ფრანგული) არანაკლებ C1 დონეზე ცოდნა.
3) დოქტორანტობის კანდიდატი, თუ მას ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და ქართული მისი მშობლიური ენა არ არის, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
4) ფაკულტეტის დებულებით და სადოქტორო პროგრამებით შეიძლება დადგენილ იქნეს დამატებითი მოთხოვნები.
5) ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს დოქტორანტურაში კანდიდატის დოქტორანტად ჩარიცხვის  შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილება ეცნობება თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტს.
6) უნივერსიტეტი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ჩარიცხვიდან მაქსიმუმ ორ  თვეში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.


 
5. სამეცნიერო ხელმძღვანელი 

 

1)    სამეცნიერო ხელძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები.
2)    სამეცნიერო ხელმძღვანელის სალექციო და კვლევითი დატვირთვიდან გამომდინარეობს, თუ რამდენ დოქტორანტს შეუძლია უხელმძღვანელოს. 
3)    დისერტაციის ხელძღვანელი კონტროლს უწევს ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
4)    იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს ამბობს ხელმძღვანელობაზე, ამის შესახებ სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განცხადება უნდა წარუდგინოს  სადისერტაციო საბჭოს.

 

III. დოქტორანტურაში სწავლა

 

6.    დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა და ჩატარების ვადები

 

1) დოქტორანტმა სწავლის და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტისა. დოქტორანტურის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 წელი. 
2)   დოქტორანტურაში სასწავლო კომპონენტი შეადგენს კრედიტების საერთო რაოდენობის 1/3, დანარჩენი 2/3 ეთმობა კვლევას. 
3)    დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებისთვის.


7.    დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა

 

ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს შეიძლება, დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:
ა) პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში;
ბ) უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას;
გ) ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

8.    დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი

 

1) დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას.
2) სადოქტორო პროგრამის სასწავლო გეგმას შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

სასწავლო გეგმაში აუცილებლად შედის:

სპეციფიკური დარგობრივი კურსებისგან შემდგარი მოდული;

ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელი საფაკულტეტო მოდული ან ცალკეული კურსები (კვლევის მეთოდები და ხერხები);

სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსი, რომელსაც მოსდევს დოქტორანტის ჩართვა სწავლების პროცესში.

შემოთავაზებულ მოდულებში დოქტორანტს შეუძლია, აირჩიოს მისი კვლევისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი კურსები.

3) დოქტორანტის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და დარგში მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. ინდივიდუალურ გეგმაში მოცემული უნდა იყოს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა, სასწავლო კომპონენტის შესრულების და კვლევის სავარაუდო გრაფიკი.

 

9.    დოქტორანტების კოლოკვიუმი

 

1)  დოქტორანტურაში სწავლის აუცილებელი ნაწილია დოქტორანტების კოლოკვიუმი. კოლოკვიუმზე ხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დისკუსია, ახალი სამეცნიერო ლიტერატურის, მიღწევების და პრობლემების განხილვა.
2)  კოლოკვიუმების სიხშირეს წყვეტს ფაკულტეტი. დოქტორანტი ვალდებულია, წელიწადში ორჯერ მაინც წარდგეს სემინარზე მოხსენებით. 

 

10.    დისერტაცია

 

1)   დისერტაცია უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს, ახასიათებდეს მეცნიერული სიახლე და წვლილი შეჰქონდეს დარგის განვითარებაში. თუ დოქტორანტი კლვევით ჯგუფშია ჩართული, ნათლად უნდა ჩანდეს მისი წვლილი კვლევისას.
2) დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
3) ნაშრომის უცხო ენაზე შესრულების შემთხვევაში სადისერტაციო კვლევის ძირითადი შედეგები წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. 
4) სადისერტაციო ნაშრომის ზომას, ფორმატს და სტილს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
5)  დაცვის შემდეგ დისერტაცია უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. ფაკულტეტი განსაზღვრავს გამოქვეყნების ვადებს და მექანიზმს. 

 

11.    დისერტაციის წარდგენა

 

1)    დოქტორანტი სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს დისერტაციის ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს.
2) დისეტაციის დაცვაზე დასაშვებად აუცილებელია, დოქტორანტის სამეცნიერო ხელძღვანელმა სადისეტაციო საბჭოს წარუდგინოს დასკვნა, იმის თაობაზე, რომ იგი გაეცნო დისერტაციას და ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე წარსადგენად. 
3) დისერტაციის დაცვამდე დისერტანტს დისერტაციის სფეროში გამოქვეყნებული (ან მიღებული გამოსაქვეყნებლად) უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი სამეცნიერო პუბლიკაცია რეცენზირებად ჟურნალებში. მათგან ორს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება. თუ სადისერტაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებულია დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უცხოელი შემფასებლის ჩართვა, ამ შემთვევაში მოეთხოვება ორი სტატია, მათგან ერთისთვის საერთაშორისო რეცენზირება. 
4) ფაკულტეტის დებულებით შეიძლება, განსაზღვრული იყოს დისერტაციის წარდგენასთან დაკავშირებული დამატებითი  მოთხოვნები. 

 

12.    დისერტაციის შეფასება

 

1) დისერტაციის წარდგენის შემდეგ სადისერტაციო საბჭო დისერტაციის შესაფასებლად გამოყოფს მინიმუმ ორ შემფასებელს. 
2)  თუ შემფასებლების ნახევარზე მეტი უარყოფითად შეაფასებს დისერტაციას, დისერტაცია დაცვაზე დაშვებული არ იქნება. 
3) თუ დისერტაცია არ იქნება დაშვებული დაცვაზე, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს უფლება ეძლევა, დამატებით იმუშაოს დისერტაციაზე.
4)  დისერტაციის განხილვისა და შეფასების დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულებით.

 

13.    სადისერტაციო კომისია

 

1)    სადისერტაციო საბჭო დისერტაციის დაცვის წინ ქმნის სადისერტაციო კომისიას.
2)    კომისია შედგება მინიმუმ სამი წევრისაგან, რომელთაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.
3)    კომისიის არჩევის წესს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულება.


14.    დისერტაციის დაცვა

 

1)   დისერტაციის დაცვა არის საჯარო.
2) დაცვის ენა არის ქართული, თუ სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3)  დაცვის პროცესი ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ ნაშრომის პრეზენტაციას, სამეცნიერო კამათს და სადისერტაციო კომისიის დასკვნას.
4)   დაცვის რეგლამენტს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულება.

 

15.    დისერტაციის შეფასება

 

1)    დისერტაციის შეფასების კრიტერიუმებს ადგენს სადისერტაციო საბჭო.
2)    საბოლოო შეფასება ხდება შემდეგი სისტემის მიხედვით:


summa cum laude - ფრიადი
magna cum laude - ძალიან კარგი
cum laude -კარგი
bene - საშუალო
rite - დამაკმაყოფილებელი
insufficienter - არადამაკმაყოფილებელი
sub omni canone -  სრულიად არადამაკმაყოფილებელი

 

16.    ხარისხის მინიჭება

 

1)    დოქტორანტს აკადემიურ ხარისხს ანიჭებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
2)    დიპლომი გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ.
3)    დიპლომს ხელს აწერს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ფაკულტეტის დეკანი, უნივერსიტეტის რექტორი.
4)    მოწმობის ასლი ინახება თსუ-ს არქივში.


17.    დისერტაციის გამოქვეყნება


დოქტორანტი ვალდებულია, დისერტაციის დაცვის შემდეგ ფაკულტეტის მიერ დადგენილ ვადაში გამოაქვეყნოს დისერტაცია ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით.
წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე არ გაიცემა დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.


18.    დოქტორის აკადემიური ხარისხის ბათილობა

 

დოქტორის აკადემიური ხარისხი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორს ჩამოერთმევა აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევის შემთხვევაში. 

 

19.    დაფინანსება


დოქტორანტის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო გრანტის, საუნივერსიტეტო დაფინანსების, სტიპენდიების, ქველმოქმედების და თვითდაფინანსების ფორმით.

 

20.    გარდამავალი დებულებები

 

1)   დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად თსუ-ს ყველა მაძიებელმა და ასპირანტმა უნდა ჩააბაროს დოქტორანტურაში მინიმალური სტანდარტით განსაზღვრული წესით.
2)   თსუ დოქტორანტურაში ჩარიცხული ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც მინიმუმ საგნები აქვთ ჩაბარებული ან/და აპრობაცია აქვთ გავლილი, თავისუფლდებიან მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისგან. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხორციელდება მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით. გამოქვეყნებული სამი სტატიიდან ორმა უნდა გაიაროს საერთაშორისო რეცენზირება. ფაკულტეტის დებულებით შეიძლება გათვალისწინებულ იყოს დამატებითი მოთხოვნები.
3) უკვე ჩარიცხული დოქტორანტები, რომელთაც დისერტაცია აქვთ წარდგენილი დასაცავად, წარმოადგენენ გამოქვეყნებულ სტატიას საერთაშორისო რეცენზირებისათვის. საერთაშორისო რეცენზირებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.
4) თსუ-ს ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც შესრულებული აქვთ ამ დებულებით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი და არ აქვთ ჩაბარებული მინიმუმის გამოცდები, სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ დისერტაციას წარადგენენ და დაიცავენ მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით.
5)  იმ კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტები, რომლებთანაც თსუ-ს დადებული აქვს ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის პირველი მუხლის შესაბამისად.  


 
პროფესორი გიორგი ხუბუა
რექტორი,
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე