საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ“, ,,ჩ“ და „წ“ ქვეპუნქტების, 32-ე მუხლის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 7 აპრილის №6355/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 26 აპრილის №9 სხდომის ოქმის  საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს: 


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებაში: 


ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;


 ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების წესი და პირობები (დანართი №1).“; 


გ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების წესი და პირობები“;


დ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის ,,მუხლი 21“ - ამოღებულ იქნას; 


ე) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,მუხლი 22“: 


,,მუხლი 22 . უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის პირისათვის ემერიტუსის წოდების მინიჭების წესი და პირობები

 
1. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი“ (შემდგომში – ,,ემერიტუსი”) წარმოადგენს უნივერსიტეტის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულ აკადემიურ წოდებას. 
2. ემერიტუსის აკადემიური წოდება ენიჭება პირს, რომელიც ამ წოდების მინიჭების შესახებ განაცხადის გაკეთების მომენტისათვის: 
ა) არის 65 წლის ან მეტი ასაკის; 
ბ) უკავია უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა; 
გ) სამჯერ მაინც იყო არჩეული უნივერსიტეტის პროფესორის (სრული პროფესორის) თანამდებობაზე; 
დ) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 30 წლის გამოცდილება, მათ შორის თსუ-ში არანაკლებ 20 წლის ანალოგიური გამოცდილება; 
ე) გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები მაღალრეიტინგულ საერთაშორისო გამოცემებში;
ვ) განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი უნივერსიტეტისა და მეცნიერების განვითარებაში (გამოგონება, აღმოჩენა, დარგის განვითარება და ა.შ.), მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება, არის საზოგადო მოღვაწე. 
3. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების გარდა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია დადგინდეს დამატებითი პირობები.
4. ემერიტუსის წოდება პირს ენიჭება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე, განსაკუთრებული დამსახურებისათვის, მისი განცხადებისა და შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე, აკადემიური საბჭოს მიერ. უფლებამოსილ პირს, მისი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, მაგრამ ხელშეკრულების ვადის ნახევრის გასვლის შემდგომ აქვს უფლება მოითხოვოს მისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭება, პროფესორის თანამდებობიდან გათავისუფლების პირობით. ემერიტუსის წოდების მინიჭებისთანავე იგი თავისუფლდება უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობიდან. აკადემიური საბჭოს მიერ პირისათვის დადგენილი წესით ემერიტუსის წოდების მინიჭების საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება წელიწადში ერთხელ, კონკრეტული სასწავლო წლის აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე.
5. ემერიტუსის წოდება არ ითვალისწინებს პირისთვის ანაზღაურების გაცემას (ეს პუნქტი არ ვრცელდება ემერიტუსის წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ უნივერსიტეტის მიერ ამ პუნქტის ძალაში შესვლამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე).“;


ვ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,მუხლი 3. დამატებითი პირობები 


1. ემერიტუსის წოდების მქონე პირმა, შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში, შეასრულოს როგორც ანაზღაურებადი, ისე არაანაზღაურებადი სამუშაო, აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე. 
2. ემერიტუსის წოდების მქონე პირმა შესაძლებელია ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით, შეუზღუდავად ისარგებლოს უნივერსიტეტის რესურსებით და უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სხვა შეღავათებით, საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო გრანტების მოპოვების, სხვადასხვა ორგანიზაციებთან და საწარმოებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების მიღების, სამუშაო სივრცითა და საბიბლიოთეკო ფონდით სარგებლობის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებისა და ელექტრონულ საბიბლიოთეკო ბაზებთან წვდომის შესაძლებლობით. 
3. ემერიტუსის წოდების მქონე პირის მიერ უნივერსიტეტში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების, შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ან/და უნივერსიტეტის ინტერესების შემლახავი ქმედების შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს გადაწყვეტილება ამ პირისათვის ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ.
4. უნივერსიტეტი ძალადაკარგულად აცხადებს გადაწყვეტილებას პირისათვის ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ: 
ა) უნივერსიტეტის ემერიტუსის სტატუსის მქონე პირის საქმიანობაში აკადემიური ეთიკის დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში (უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46/2014 დადგენილება. წინამდებარე ქვეპუნქტი ვრცელდება უნივერსიტეტის ემერიტუსის სტატუსის მქონე პირებზე, მიუხედავად იმისა, თუ პირს როდის მიენიჭა ემერიტუსის სტატუსი); 
ბ) თუ გამოვლინდა, რომ პირს წოდება მიენიჭა მოქმედი კანონმდებლობით ან უნივერსიტეტის შიდა აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევით, ან კანდიდატის მიერ არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე (წინამდებარე ქვეპუნქტი ვრცელდება უნივერსიტეტის ემერიტუსის სტატუსის მქონე პირებზე, მიუხედავად იმისა, თუ პირს როდის მიენიჭა ემერიტუსის სტატუსი).
5. გარდა წინამდებარე წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა ემერიტუსისათვის უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო საქმიანობის (სალექციო, სასემინარო, პრაქტიკული, ლაბორატორიული) განხორციელებაზე უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით შრომითი ხელშეკრულების დადების შესაძლებლობის და ანაზღაურების ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტი. ასეთ შემთხვევაში შრომის ანაზღაურება გაიცემა უნივერსიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი ფაკულტეტებისათვის განსაზღვრული თანხებიდან.“. 


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6). 
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე