საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის 2023 წლის 28 სექტემბრის №28283/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 2 ოქტომბრის №14  სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის №64/2021 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:


ა) ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით მე-13 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


„11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს თსუ-ს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება მოცემულ პროგრამაზე შემდეგ წელს მისაღებ ადგილებს, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში - სწავლების შესაბამის ფორმაზე/სასწავლო გეგმაზე არსებულ თავისუფალ ადგილებს.“; 


ბ) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„3. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება არა უმეტს 5 წლის ვადით.“;


გ) 27-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„9. პროფესიულ სტუდენტთა სასწავლო პროცესში სრულფასოვან ინტეგრირებას ცენტრი ახორციელებს პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესიული მასწავლებლის და სასწავლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული პერსონალის მეშვეობით.
10. პროფესიული სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის განცხადების ან/და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებ(ებ)ის საფუძველზე სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერთან შეთანხმებით პროფესიული მასწავლებელი შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, რომელიც ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასა და მოდულს.“;


დ) 27-ე მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„12. სასწავლო პროცესში პროფესიული სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებ(ებ)ის გამოვლენის შემთხვევაში მასწავლებელი დაუყოვნებლივ აცნობებს ცენტრის ხელმძღვანელს აღნიშნულის თაობაზე.
13. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გონივრულ ვადაში (არაუმეტეს 2 კვირა), პროფესიული სტუდენტის და, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დარგის სპეციალისტის ჩართულობით, იქმნება პროფესიული მასწავლებლის მიერ რომელიც უნდა შეთანხმდეს სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერთან.“;


ე) 27-ე მუხლის მე-14 პუნქტი ამოღებული იქნას;


ვ) 27-ე მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


„16. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საფუძველზე პროფესიული მასწავლებელი უფლებამოსილია სასწავლო პროცესის ფარგლებში:
ა) შეარჩიოს და გამოიყენოს პროფესიულ სტუდენტზე მორგებული სწავლა-სწავლების სტრატეგიები და მეთოდები;
ბ) დაადგინოს საათების განაწილების განსხვავებული, ინდივიდუალური სქემა;
გ) გამოიყენოს დამატებითი რაოდენობის სასწავლო მასალა და ნედლეული.“;


ზ) 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 42. გარდამავალი დებულებები
1. პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით:
ა) ანკეტა-კითხვარის შევსების ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; 
ბ) აპლიკანტების შერჩევა შესაძლებელია განხორციელდეს ასევე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე. თსუ ვალდებულია ამ გზით ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის პროგრამაზე სწავლება დაიწყოს ქართული ენის მოდულით. ქართული ენის მოდულის ვერ დაძლევის შემთხვევაში, პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი. ქართული ენის მოდულის დაძლევის შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტი სარგებლობს გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსით და უფლებამოსილია:
ბ.ა) სწავლა განაგრძოს იმავე პროგრამაზე, რომელზეც განხორციელდა მისი ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, მას პროფესიული სტუდენტის სტატუსი გაუაქტიურდება პირადი განცხადების საფუძველზე, შემდგომი მიღების ფარგლებში ამ პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე;
ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ წესის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად ისარგებლოს მობილობით კანონდებლობით დადგენილი წესით;
ბ.გ) შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.
2. პროფესიულ პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვა განხოციელდეს ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების დაცვით, აღნიშნული ეტაპებისთვის განსაზღვრულ ვადებში. 
3. პროფესიულ პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა შერჩევა წარიმართოს პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე. პრაქტიკული მოსინჯვა გულისხმობს პირის მიერ პროგრამისთვის ყველაზე დამახასიათებელი აქტივობ(ებ)ის პრაქტიკულ შესრულებას მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პირობებში, რომელსაც თან ახლავს რეფლექსიის პროცესი და რომელიც ემსახურება აპლიკანტის მიერ საკუთარ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ინტერესებში უკეთ გარკვევას, ისევე, როგორც პრაქტიკულ მოსინჯვაზე დამკვირვებლების მიერ კონკრეტულ პროგრამასთან მიმართებით პირის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას.
4. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს, პროფესიულ პროგრამაზე გამოცხადებული  მიღების ფარგლებში რეგისტრაციისას რამდენიმე პროგრამა აქვს არჩეული, შედეგების აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო  სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და თსუ-ში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტებს.
5. პროფესიულ პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით აპლიკანტი,  რომელიც ვერ ჩაირიცხა  მის  მიერ არჩეულ პროგრამაზე, უფლებამოსილია მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში აირჩიოს არაუმეტეს 3 პროგრამა. თსუ უზრუნველყოფს აპლიკანტთა შერჩევას პრაქტიკული მოსინჯვის გზით, თუ მითითებულ პროგრამაზე/პროგრამებზე აპლიკანტს შერჩევის ეტაპი არ გაუვლია. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე პირს, დარჩენილი თავისუფალი  ადგილების შევსების მიზნით გამოცხადებული მიღების ფარგლებში, რეგისტრაციისას რამდენიმე პროგრამა აქვს არჩეული, შედეგების აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც  მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და თსუ-ში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე  ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტებს. დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა დასრულდეს  სწავლის დაწყების თარიღის დადგომამდე.“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე