ფერანდო მაისაძე
გეოლოგი
დაბადების თარიღი 1941
ფერანდო მაისაძე დაიბადა 1941 წლის 14 აპრილს ქალაქ თბილისში. 1958-1963 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე, ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით. 1965-1968 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ეოცენური წარმონაქმნების წარმოშობის პალეოგეოგრაფიულ-ტექტონიკური პირობები მდინარე რიონსა და ლიახვს შორის’’ და გახდა გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "Палеография и геологическое развитие Грузии в палеогеновое время". 1965-1977 წლებში იყო ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის რეგიონული გეოლოგიისა და ტექტონიკის განყოფილების უმცროსი, ხოლო 1977-1992 წლებში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1992-2001 წლებში იყო რეგიონული გეოლოგიის სექტორის გამგე. 2002-2005 წლებში ინსტიტუტის რეგიონული გეოლოგიისა და ტექტონიკის განყოფილების წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. 2001 წელს მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია. სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს გეოლოგთა ნაციონალური კომიტეტისა და საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების წევრი. 2009 წლიდან დღემდე ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის რეგიონული გეოლოგიისა და ტექტონიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტია. ფერანდო მაისაძის მეცნიერული ინტერესების სფეროა: რეგიონული გეოლოგია, ტექტონიკა, პალეოგეოგრაფია და ლითოლოგია. ავტორია 72-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის.