გულნარა ჯაფარიძე
დაბადების თარიღი 1917
1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1946 წლიდან საქართველოს ხელოვნების მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი იყო, შემდეგ სწავლული მდივანი და განყოფილების გამგე; დიდი წვლილი შეიტანა მუზეუმის ფონდების შესწავლისა და ექსპოზიციების მოწყობაში. 1958-1960 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს სახვითი ხელოვნების განყოფილებას; ახალი და უახლესი სახვითი ხელოვნების თვალსაჩინო მკვლევარი სისტემატურად აწყობდა ქართველი მხატვრების ნამუშევართა გამოფენას ჩვენშიც და უცხოეთშიც; მის კალამს ეკუთვნის არაერთი საინტერესო მონოგრაფია და 150-მდე სტატია; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომები თანამედროვე ლითონმქანდაკებლობაზე; საგულისხმოა, რომ თვით ეს ტერმინიც ქართულ ლექსიკაში მანვე შემოიტანა და დაამკვიდრა; საინტერესო გამოკვლევები მიუძღვნა სოსო გაბაშვილს, თამარ აბაკელიასა და კორნელი სანაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას.