საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უცხოელი სტუდენტები თსუ-ში

35 უცხოელი სტუდენტი ისწავლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში ორმხრივი თანამშრომლობისა და ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მსოფლიოს 12 ქვეყნის 20 პარტნიორი უნივერსიტეტიდან. 
 

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტებისთვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
 

თსუ რექტორის მოადგილის ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოსული სტუდენტები სწავლა-სწავლების პროცესთან ერთად, საქართველოს ისტორიასა და კულტურას ეცნობიან. „უცხოელი სტუდენტები მოგვიანებით ხდებიან საქართველოს ელჩები იმ ქვეყნებში, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს და კონკრეტულად ჩვენი დედაუნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და წინსვლისთვის მსოფლიო ასპარეზზე,“ - განაცხადა ნინო ოკრიბელაშვილმა.
 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უცხოელ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს თსუ-ში მოქმედი პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და ზოგადად, იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც უნივერსიტეტი მათ სთავაზობს. 
 

„პირველად საქართველოში ხუთი წლის წინ ჩამოვედი და ეს გამოცდილება ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მოგვიანებით, როდესაც საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებს ვარჩევდი, კვლავ მოვისურვე საქართველოს ნომერ პირველ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. უკვე მეორე სემესტრს ვიწყებ და ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში,“ - განაცხადა კადისის უნივერსიტეტის (ესპანეთი) სტუდენტმა ასიერ ბენიტომ, რომელიც თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 200-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი ჰყავს 56 ქვეყანაში. 2020-2022 წლებში ევროპის 44 ქვეყნის 100-ზე მეტ უნივერსიტეტთან პარტნიორობით 161 პროექტი განხორციელდა. თსუ უცხოელ გაცვლით სტუდენტებს 218 ინგლისურენოვან სასწავლო კურსს სთავაზობს.  საერთაშორისო სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც თსუ-ში როგორც უცხოენოვან, ასევე ქართულენოვან პროგრამებზე სწავლობენ, ყოველწლიურად იზრდება.

თარიღი: 04/04/2023