თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრანსლაციური ნეირომეცნიერების თანამედროვედ აღჭურვილი საუნივერსიტეტთაშორისო სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია („ჰაბი“) გაიხსნა, რომელიც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მკვლევრებს, სტუდენტებთან ერთად, იკვლიონ ნერვული სისტემის უჯრედული და მოლეკულური მექანიზმების სხვადასხვა ასპექტები.
ლაბორატორია შეიქმნა CIF საგრანტო პროექტის „თანამედროვე ტრანსლაციური ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით“ ფარგლებში. საუნივერსიტეტთაშორისო ჰაბი მოიცავს 3 უნივერსიტეტს: თსუ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.
პროექტის ფარგლებში, უცხოელი ექსპერტების ხელშეწყობით, კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისთვის ასევე მომზადდა საუნივერსიტეტთაშორისო სტრუქტურული სადოქტორო პროგრამა „ტრანსლაციური ნეირომეცნიერება“. სადოქტორო პროგრამის აკრედიტაციის შემდეგ დოქტორანტები იმუშავებენ ქართველი და უცხოელი თანახელმძღვანელების მეთვალყურეობით.
ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი, პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (WB)” აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე, პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.
თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ დიმიტრი კორძაიას თქმით, თსუ-ს ბაზაზე არსებულ ტრანსლაციური ნეირომეცნიერების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება არა მხოლოდ თსუ-ის სტუდენტებისთვის, არამედ პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. „პროექტის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამის განვითარება, რაც გულისხმობს ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. პროექტის ფარგლებში შეიქმნა საუნივერსიტეტთაშორისო სადოქტორო პროგრამა ნეირომეცნიერებებში, რომლის მომზადებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ უცხოელი ექსპერტები. მათი ჩართულობით ეს პროგრამა შესაძლოა გახდეს საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა“, -აღნიშნა დიმიტრი კორძაიამ.
„ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველოს I2Q (WB)” აღმასრულებელი დირექტორის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, პროექტს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. „ეს პროექტი არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაეხმარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომ სწავლა გახდეს ხარისხიანი, კვლევა გახდეს საინტერესო და ამ პროცესში გამოყენებული იყოს უახლესი ტექნოლოგიები“,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის და თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.