საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მედიაციის სფეროში თსუ-ის მონაწილებით პომერანიის უნივერსიტეტში

თსუ-ის დავის ალტერნატიული მოგვარების ეროვნული ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ირაკლი ბურდული და აკადემიური დირექტორი, პროფესორი ნათია ჩიტაშვილი სამეცნიერო და სასწავლო-აკადემიური ვიზიტით ესტუმრნენ პოლონეთში მდებარე სლუპსკის პომერანიის უნივერსიტეტს. ვიზიტის ფარგლებში თსუ-ს პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში და ჩაატარეს სასწავლო აქტივობები მედიაციის მიმართულებით.

 

თსუ-ის ინიციატივითა და აქტიური მხარდაჭერით, 2024 წელს პომერანიის უნივერსიტეტში მედიაციის ცენტრი დაფუძნდა, რომელიც მიზნად ისახავს მედიაციის სფეროში განათლებისა და პრაქტიკის განვითარებას. აღნიშნული ცენტრი უკვე ახორციელებს სამეცნიერო და პრაქტიკულ აქტივობებს და წარმოადგენს ქართულ-პოლონური თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს.

 

თსუ-ისა და სამხრეთ ტექსასის სამართლის სკოლის მხარდაჭერით, სლუპსკის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „Mediation and alternative dispute resolution as mechanisms and instruments of civil society. History, present and future“ (მედიაცია და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი და ინსტრუმენტი: ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი). ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგნენ თსუ-ის დავის ალტერნატიული მოგვარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ასევე პოლონელი, ამერიკელი და სხვა ქვეყნების წამყვანი მეცნიერები.

 

ვიზიტის ფარგლებში, თსუ-ის პროფესორმა ნათია ჩიტაშვილმა სლუპსკის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა ინტენსიური სასწავლო კურსი მედიაციაში ინგლისურ ენაზე. კურსი დაფუძნებული იყო თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასა და თეორიაზე და მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის მედიაციის უნარებისა და ძირითადი პრინციპების შესწავლას.

 

მედიაციის სფეროში აღნიშნული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია პომერანიის უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა და მისმა წარმატებამ საფუძველი ჩაუყარა მსგავს ღონისძიებათა ყოველწლიურად გამართვას. დაგეგმილია ქართველი, პოლონელი და ამერიკელი პროფესორებისა და სტუდენტების ერთობლივი მონაწილეობით მომავალში აკადემიური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მედიაციის განვითარებას როგორც საქართველოში, ისე პოლონეთში.

თარიღი: 16/05/2025