საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო ნაშრომის - „კავკასიის ხალხები, კულტურები, ენები. I. ავტოქთონი მოსახლეობა“ წარდგინება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ორგანიზებით სამეცნიერო ნაშრომის „კავკასიის ხალხები, კულტურები, ენები. I. ავტოქთონი მოსახლეობა“ წარდგინება გაიმართა.
 

კოლექტიური მონოგრაფია, რომლის ავტორები არიან: მ. ჩუხუა, ნ. ანთელავა, მ. მაგომედხანოვი შესრულდა შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (შიფრი CS-I-21-130).


ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 

მსოფლიოს არაერთი საენათმეცნიერო თუ ანთროპოლოგიური ცენტრი დღესაც დიდ ყურადღებას უთმობს კავკასიელი ხალხების, ენებისა და კულტურების წარმომავლობის პრობლემას, აზრთა სხვადასხვაობა თავჩენილია პალეოკავკასიელთა - ქართველთა, აფხაზ-ჩერქეზთა, ჩეჩენ-ინგუშთა და დაღესტნელთა წარმომავლობის (გენეტიკური ნათესაობის) თაობაზე. ამიტომაც ნაშრომში დასახელებული ხალხებისა და ენების გენეტიკური წარმომავლობის და კულტურათა ურთიერთმიმართების პრობლემა კომპლექსურადაა შესწავლილ-წარმოდგენილი, ლინგვისტურთან ერთად, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური და პალეობიოლოგიური კვლევებიდან მიღებული დასკვნების გათვალიწინებით, რაც მეტად აქტუალურს ხდის წარმოდგენილ პრობლემატიკას, ორიგინალურად წყდება პალეოკავკასიელ ხალხთა ენებისა და კულტურის, ეთნოგენეზის კარდინალური საკითხები. მსგავსი მასშტაბის, იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხებსა და ენებზე (კულტურებზე) სპეციალურად ორიენტირებული, კომპლექსური კვლევა საქართველოში დღემდე არ განხორციელებულა.
 

საქართველოს ჰუმანიტარული კვლევების ისტორიაში პირველად შეიქმნა ინტერდისციპლინური ხასიათის ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი ― ახალი პარადიგმა მეცნიერებაში, რომელიც, მიმდინარე კვლევათა შედეგების ფონზე, სრულად (კომპლექსურად) წარმოაჩენს თანამედროვე კავკასიელი ხალხების (პალეოკავკასიელების) ენობრივ, კულტურულ და ყოფით სამყაროს.
 

წარმოდგენილი ნაშრომი მდიდრდება ასევე ინგლისური ვერსიის პოვნიერებით, რომელიც ძირითად დებულებებს ასახავს.
 

თარიღი: 05/04/2023