თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის არაბისტიკის კათედრის წარმომადგენლები პროფ. დარეჯან გარდავაძის ხელმძღვანელობით კაიროს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ვიზიტის შესახებ იგი თავად გვესაუბრა.
"კაიროს უნივერსიტეტი ახლო აღმოსავლეთის არაბული უნივერსიტეტებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი (გაიხსნა 1908 წ.), ტრადიციული, დიდი აკადემიური გავლენის მქონე უნივერსიტეტია, რომლის მრავალპროფილური საგანმანთლებლო რესურსი და პოტენციალი საყოველთაოდ აღიარებულია მთელ არაბულ სამყაროში და მის ფარგლებს გარეთ.
კაიროს უნივერსიტეტი ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი პარტნიორი არაბული უნივერსიტეტია, რომელთან თანამშრომლობის მემორანდუმსაც ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნიდან (1998 წ.) მალევე მოეწერა ხელი. მეოთხედ საუკუნეზე მეტის განმავლობაში კაიროს უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობა მრავალ ღირსშესანიშნავ ფურცელს ითვლის. ნაყოფიერი თანამშრომლობის ისტორია გრძელდება და ახალ ნიშნულებზე გადის.
ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში მოპოვებული გრანტით კაიროს უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბული ენის სწავლების განვითარების ცენტრის სპეციალური პროგრამის გავლა, რომელიც არაარაბთათვის არაბული ენის სწავლების უცხოელი სპეციალისტების მომზადებას ემსახურება; ასევე არაბისტიკის ქართული საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული ექსპერტიზა დარგის თვალსაჩინო სპეციალისტებთან, დარგის სიახლეების გაცნობა, კონსულტაციების მიღება, კაიროს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების დასახვა, კაიროს უნივერსიტეტის არაარაბთათვის არაბული ენის სწავლების ცენტრში რვათვიანი სასწავლო პროგრამით მივლინებული ქართველი სტუდენტების მონახულება და რასაკვირველია, კაიროს კულტურულ სიახლეებთან ზიარება, რომელთა შორის ეგვიპტის ახალი დიდი მუზეუმის საზეიმო გახსნამ თავისი მასშტაბებით ყველაფერი გადაფარა და მოლოდინს გადააჭარბა".
დელეგაცის შემადგენლობაში დარეჯან გარდავაძის გარდა იყვნენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის არაბისტიკის კათედრის არაბისტიკის საგანმანათლებლო პროგრამებში ენის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაში ჩართული ახალგაზრდა კადრი – თსუ უცხოური ენების ცენტრის არაბული ენის მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტ. ნინო სურმავა, კათედრის დოქტორანტები: ვენერა კოჭლამაზაშვილი და ნინო ჯიქია ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით (10 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე) იმყოფებოდნენ კაიროს უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბული ენის სწავლების განვითარების ცენტრში. მათთან ერთად აღნიშნულ ვიზიტში მონაწილეობდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბისტიკის საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პროფესურა: პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირ. პროფ. ზვიად ცხვედიანი და ასოცირ. პროფ. ლელა ავალიანი.
კაიროს უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, არაბული ენის სწავლების განვითარების ცენტრის ადმინისტრაციული საბჭოს ხელმძღვანელის, პროფ. დოქტ. იმან აჰმად ჰარიდის ინიციატივითა და არაბული ენის სწავლების განვითარების ცენტრის დირექტორის დოქტ. ხალაფ აბდ ალ-მუტის, დირექტორის მოადგილის დოქტ. მუსტაფა ორაბი აზბის ჩართულობით ქართველ არაბისტთა პროგრამის დახურვის ცერემონიალს დაესწრო კაიროს უნივერსიტეტის პრორექტორი დოქტ. მუჰამედ ჰუსეინ რიფაათი და ქართველი დიპლომატები – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში, ბატონი ნიკოლოზ აფხაზავა და უფროსი მრჩეველი, ბატონი მამუკა ქურასბედიანი. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. ქართულმა და ეგვიპტურმა მხარეებმა განათლებისა და კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის წინადადებები გაცვალეს და სამოქმედო გეგმები დასახეს.
ქართველი არაბისტების ჯგუფმა კაიროს გარდა, მოინახულა ქალაქები: ფაიუმი და ალექსანდრია.