საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Georgian Geographical Journal -საერთაშორისო ჟურნალი რეგიონული კვლევების და ახალგაზრდა მკვლევართა წარმოსაჩენად

Georgian Geographical Journal (https://journals.4science.ge/index.php/GGJ) საერთაშორისო ინგლისურენოვანი ჟურნალია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და ალექსანდრე ჯავახიშვილის გეოგრაფიული საზოგადოების ეგიდით გამოდის. ჟურნალის პირველი ნომერი 2021 წელს გამოვიდა. 2023 წლიდან იგეგმება ჟურნალის  წელიწადში 2 ნომრის, ხოლო 2024 წლიდან კვარტალურად გამოცემა. 

 

რამ განაპირობა ამ ჟურნალის გამოცემის აუცილებლობა, მაშინ როდესაც სამეცნიერო ჟურნალების დეფიციტი არ არსებობს? ამ კითხვას ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი,  ჟურნალის თანარედაქტორი  ნანა ბოლაშვილი ასე პასუხობს:

 

 „დღეს ნამდვილად არ გვაქვს სამეცნიერო ჟურნალების სიმწირე. ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებით შესაძლებელია შესაბამისი პროფილის ჟურნალის მოძებნა. თუმცა, ცალკე საკითხია გამოქვეყნებასთან დაკავშირებული უამრავი ასპექტი, მათ შორის ფინანსური. Georgian Geographical Journal-ის პოლიტიკა მიმართულია რეგიონული კვლევების წახალისებისკენ.  ჟურნალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა მკვლევრებისთვის სტიმულის მიცემას. ამით ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდა მეცნიერთა აკადემიურ წინსვლასა და მათი კვლევების საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებაში.

 

გეოგრაფიის ინსტიტუტში პერიოდულად გამოიცემოდა შრომათა კრებულები. მათში გამოქვეყნებული მასალები ძირითადად ქართულ ენაზე იყო და ბუნებრივია არ იყო ხელმისაწვდომი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. საერთაშორისო ჟურნალის კონცეფციის შემუშავებამ კი საშუალება მოგვცა ფართო საზოგადოებისთვის მიგვეწვდინა ჩვენი კვლევის შედეგები. სტატიები მიიღება ინგლისურ ენაზე გეოგრაფიის, გეოლოგიის და ანთროპოლოგიური მიმართულებით. ჟურნალში იბეჭდება, როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე მიმოხილვითი სტატიები. გარდა ამისა, ჟურნალის ერთგვარი ნიშაა, რომ გამოვაქვეყნოთ მიძღვნები ღვაწლმოსილ მკვლევრებზე. ეს ერთგვარი განმასხვავებელი ნიშანია სხვა საერთაშორისო ჟურნალებისგან.

 

ჟურნალის ეს მიმართულება საშუალებას გვაძლევს ფართო საზოგადოებას, მით უფრო უცხოელ მკითხველს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ მკვლევრებზე, რომელთა შემოქმედება პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე შეზღუდული რაოდენობის მკითხველისთვის იყო მხოლოდ ცნობილი.  ამ ეტაპზე ჟურნალში ძირითადად ქართველი ავტორები სჭარბობენ, თუმცა გვყავს უცხოელი ავტორებიც. გვინდა საერთაშორისო თანმშრომლობა გავაღრმავოთ და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.“

 

ჟურნალის მთავარი რედაქტორია პროფესორი რევაზ გაჩეჩილაძე. (გეოგრაფი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი), ჟურნალის რედკოლეგიაში რომლის  შემადგენლობა ამ წლის მეორე ნახევრიდან კიდევ უფრო გაიზრდება, გაერთიანებული არიან  დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები (https://journals.4science.ge/index.php/GGJ/editorial).

 

„Georgian Geographical Journal არის ონლაინ, ინგლისურენოვანი გამოცემა. გამოქვეყნებულ სტატიებს მინიჭებული აქვს DOI და მარტივად ხელმისაწვდომია მკითხველისთვის, რაც მათი ციტირების შესაძლებლობებს ზრდის. ჟურნალი გამოდის გეოგრაფიის ინსტიტუტის სრული ფინანსური მხარდაჭერით. ჟურნალის შექმნაზე მომუშავე ყველა პირი მოხალისეა, ფინანსური ინტერესის გარეშე. მინიმალური საფასური, რისი გადახდაც ავტორებს დამატებით უწევთ, დაკავშირებულია ჟურნალის ონლაინ სივრცეში განთავსების ოპერაციებთან. გადაწყვეტილებას ვყოფილიყავით მხოლოდ ციფრულ ფორმატში, ორი ძირითადი მიზეზი აქვს, ერთია ეკოლოგიური, მეორე კი ეკონომიკური, - აცხადებს ჟურნალის აღმასრულებელი მდივანი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, მარიამ ციცაგი.

 

როგორც გეოგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენლები განმარტავენ. ჟურნალის არსებობა, გარდა მასში გამოქვეყნებული მასალების ავტორების პოპულარიზაციისა, ხელს უწყობს უშუალოდ გეოგრაფიის ინსტიტუტის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში. „ჟურნალში თსუ-ს აფილაციით გამოქვეყნებული მასალების ციტირებისას, იზრდება თსუ-ს რეიტინგებიც. გუგლის იმპაქტ ფაქტორი, რომელიც Georgian Geographical Journal -ს უკვე აქვს, არის საწყისი ეტაპი ჟურნალის შემდგომი განვითარებისა. პირველი ნაბიჯი, რასაც ჟურნალი დგამს რეიტინგის გასაზრდელად არის სწორედ  გუგლის იმპაქტ ფაქტორი. იგი ეფუძნება სტატიების ციტირებების რაოდენობას. მაგალითად, სტატიები ჩვენი ჟურნალიდან ციტირებულია ისეთ მაღალრეიტინგულ გამოცემებში როგორიცაა Forest.

 

ჟურნალი გამოდის ონლაინ ფორმატში, სტატიები მიიღება ინგლისურ ენაზე გეოგრაფიის, გეოლოგიის და ანთროპოლოგიური მიმართულებით. გამოქვეყნებულ სტატიებს მინიჭებული აქვს DOI (ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორი) და მარტივად ხელმისაწვდომია მკითხველისთვის, რაც მათი ციტირების შესაძლებლობებს ზრდის“, -განმარტავს ნანა ბოლაშვილი.

 

სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა გარდა ჟურნალი აქტიურად მუშაობს რიგითი მკითხველის მისაზიდადაც. ჟურნალს აქვს Facebook გვერდი, სადაც პერიოდულად იდება ინფორმაცია ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების შესახებ.

თარიღი: 03/04/2023