საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი სლუპსკში (პოლონეთი) პომერანის აკადემიასა და თსუ-ს შორის

სლუპსკში პომერანის აკადემიას (პოლონეთი) და ივანე ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც მხარეები დააფინანსებენ ორმხრივ ყოველწლიურ იურიდიულ ჟურნალს ,,პოლონურ-ქართული სამართლის ჟურნალი“ და ინდექსირებას მსოფლიოში აღიარებულ ავტორიტეტულ ბიბლიომეტრიულ ბაზებში.  მემორანდუმს ხელი მოაწერეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ და  სლუპსკში პომერანის აკადემის რექტორმა დოქტორმა პროფესორმა ზბიგნევ ოსადოვსკიმ. მხარეებმა  ისაუბრეს მემორანდუმის მნიშვნელობასა და შემდეგი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
 

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ წარმატება უსურვა ქართულ-პოლონურ თანამშრომლობასა და ჟურნალს და აღნიშნა, რომ თსუ მზადაა ჟურნალის მხარდაჭერისთვის და ყველანაირი დახმარებისთვის.
 

ამ მიმართულებით ქართულ-პოლონურ მხარეებს შორის აკადემიური თანამშრომლობა 4 წლის წინ დაიწყო, მიუხედავად პანდემიისა, განხორციელდა გარკვეული სახის სამუშაო შეხვედრები და  დაიგეგმა  სხვადასხვა აქტივობა.
 

როგორც იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია აღნიშნავს, ეს თანამშრომლობა არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, როგორც თსუ-სთვის, ასევე სლუპსკში პომერანიის აკადემიისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თანამშრომლობა უფრო  საინტერესოდ და აქტიურად გაგრძელდება. 
 

მემორანდუმის მნიშვნელობასა და სამომავლო ურთიერთობებზე  საუბრისას პომერანის აკადემის რექტორმა, დოქტორმა პროფესორმა ზბიგნევ ოსადოვსკიმ განაცხადა:  „4 წლის წინ მოვაწერეთ ხელი აკადემიური თანამშრომლობის ხელშეკრულებას. მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და ხელს ვაწერთ სამეცნიერო-კვლევითი გამოცემის ხელშესაწყობად მემორანდუმს.  იმედი მაქვს, რომ მალე ეს ჟურნალი წარმატებული იქნება სკოპუსსა და სხვა აღიარებულ სამეცნიერო ბაზებში.“
 

ორენოვანი ქართულ-პოლონური ჟურნალი ყოველწლიურად გამოვა და მის სარედაქციო საბჭოში ქართველი და პოლონელი სპეციალისტები იქნებიან.

თარიღი: 18/10/2022