თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT, ქ. რომი, იტალიის რესპუბლიკა) გენერალური მდივანი, პროფესორი იგნასიო ტირადო და გენერალური მდივნის მოადგილე, პროფესორი ანნა ვენეციანო.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დგებუაძემ და იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მორის შალიკაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზარანდიამ და ასისტენტ-პროფესორმა გიორგი ამირანაშვილმა წარმოადგინეს შესავალი მოხსენება, რომელიც შეეხებოდა UNIDROIT-ის სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებას საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში და მათ მნიშვნელობას ქართული სამართლებრივი სისტემისა და სამართლებრივი სივრცის განვითარებისთვის.
შემდგომ პროფესორმა იგნასიო ტირადომ და პროფესორმა ანნა ვენეციანომ საჯარო ლექციაზე ისაუბრეს, UNIDROIT-ის ასწლოვან ისტორიის, ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტების, მათი პრაქტიკულ მნიშვნელობისა და საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ. ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სტუმრებთან ემსჯელათ ინსტიტუტის საქმიანობისა და მისი სამართლებრივი ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების საკითხებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორები, პრაქტიკოსი იურისტები, UNIDROIT-ის სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამების მონაწილეები, ასევე სტუდენტები.
ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და UNIDROIT-ის წარმომადგენლებს შორის, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების მომზადებისა და გაფორმების შესახებ, რაც საფუძველს ჩაუყრის უნივერსიტეტსა და ინსტიტუტს შორის გრძელვადიან და მრავალმხრივ აკადემიურ პარტნიორობას.