თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის წევრებს მიესალმა და აღნიშნა გიორგი ჩიტაიას როლი საქართველოში ეთნოლოგიის აკადემიურ განვითარების საქმეში, ეთნოლოგიის სკოლისა და მიმართულების ჩამოაყალიბაში. „ეთნოლოგია არა მხოლოდ მეცნიერებაა, ეს არის ჩვენი ისტორიული მეხსიერების, იდენტობისა და ყოველდღიური ყოფის პულსაცია. ის გვახსენებს, ვინ ვიყავით, ვინ ვართ და როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურის სიღრმე სწრაფად ცვალებად თანამედროვეობაში. გიორგი ჩიტაიას ღვაწლი, დაუღალავი შრომა და კვლევითი ინტერესები დღემდე განსაზღვრავს ჩვენს ცოდნას ქართულ სინამდვილეზე, ტრადიციებსა და ხალხურ კულტურაზე. მისმა მოღვაწეობამ ჩამოაყალიბა ახალი თაობა, მკვლევრები, რომლებიც დღესაც აგრძელებენ მის არქივებზე და მასალებზე მუშაობას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობს ახალი თაობა,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ღონისძიებაზე ეთნოკულტურული და სოციალური პროცესების მკვლევრები წარმოადგენენ მოხსენებებს სხვადასხვა თემაზე: ლაზური ზღაპრების კვლევის მოკლე ისტორია; ხატოვანი გამოთქმები თურქეთელი ქართველების მეტყველებაში; ქართული ეპიგრაფიკის საკითხები თედო ჟორდანიას სამეცნიერო მემკვიდრეობაში; სამონადირეო რიტუალების ფრაგმენტები უძველეს გამოსახულებებზე; მითიური მჭედელები ქართულ მითოლოგიაში; ლხინი და შეთქმულება; ლევან II დადიანის სამოსი და XVII საუკუნის ქართული მოდა; მუსლიმი სასულიერო წოდება საქართველოში (1920-იანი წლები); საქართველოს ეთნოკულტურული პეიზაჟის ტრანსფორმაცია; სოციოლოგიური და ეთნოლოგიური პერსპექტივები; საკვების საკრალიზაცია ხალხურ ტრადიციებში; ღომის კულტურის ისტორიის შესახებ საქართველოში: „ბატონები“ ქართულ სამედიცინო ცნობიერებაში: ტრადიცია და მათი მნიშვნელობა მონაცემთა ბაზების შესავსებად; კიდევ ერთხელ სამურზაყანოს ეთნო-კულტურული იერსახის თაობაზე; მენტალობის რამდენიმე საკითხი ვახტანგ მეექვსის სამართლის მიხედვით და სხვა.
სიმპოზიუმზე თსუ რექტორმა ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისათვის, უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა თსუ პროფესორი, ეთნოლოგი იოსებ (სოსო) კვიციანი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, სტუდენტები, პროფესორები.
საერთაშორისო სიმპოზიუმის ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტი, თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაცია. საერთაშორისო სიმპოზიუმი 27 ნოემბრამდე გაგრძელდება და 7 სესია გაიმართება.