საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოს გოჩა ჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსის გოჩა ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება და წიგნის - "ძიებანი საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში" (ტ.2)  პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, აკადემიური წრის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 


წიგნში განხილულია საქართველოსა და ისლამური სამყაროს პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიის საკითხები ქართული და აღმოსავლური ნარატიული, ეპიგრაფიკული, დოკუმენტური და ნუმიზმატიკური წყაროების საფუძველზე. აქ წარმოდგენილი კვლევები, რომლებზეც ავტორი მრავალი წელი მუშაობდა, ერთი ხაზითაა გაერთიანებული და თემატურად დაჯგუფებული: არაბობა საქართველოში, ეგვიპტის მამლუქები და საქართველო, ქართველები წმინდა მიწაზე, ისლამური და ქართული ნუმიზმატიკა და მეტროლოგია, რეცენზიები.


გოჩა ჯაფარიძე იყო ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მეცნიერი, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის საკვანძო პრობლემათა მკვლევარი, მნიშვნელოვანი მონოგრაფიებისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი, აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსი, არაბისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აღმოსავლეთმცოდნეობისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტების დეკანი, წლების მანძილზე აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების გამგე, 1998-2010 წლებში საქართველოს საელჩოს დესპანი ეგვიპტეში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითსა და სპარსეთის ყურის 5 ქვეყანაში (საუდის არაბეთი, კატარი, ბაჰრეინი, ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტესა და სირიაში. 


გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აკადემიურ გამოცემებში, ქართულ, ევროპულსა და არაბულ ენებზე. მათ შორისაა მონოგრაფიები: ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (1973), საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის I მესამედში (1995), საქართველო და ეგვიპტის მამლუქები (2016), ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე XI-XVIII საუკუნეებში (არაბული ნარატიული და დოკუმენტური წყაროების მიხედვით), (2018).

თარიღი: 23/03/2023