საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბაქტერიოფაგის აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში ბაქტერიოფაგის აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, 100 წლის განმავლობაში ბაქტერიოფაგის ფენომენის ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს. „მე ვიტყოდი, რომ ძალიან საინტერესო მიმართულებაა თანამედროვე მედიცინის განვითარების თვალსაზრისით. ძალიან კარგია, რომ დღემდე შევინარჩუნეთ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტთან ერთად ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამაგისტრო სკოლა, სადაც ჩვენი სტუდენტები სწავლობენ და ეს არის თანამშრომლობის კარგი მაგალითი“, -განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით,  ბაქტერიოფაგების განვითარება მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ძალიან საინტერესო და აქტუალურ მიმართულებად. „ქართველ მეცნიერებს ელიავას სახელობის ინსტიტუტის არსებობის 100 წლის განმავლობაში დაუგროვდათ ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა და ეს ცოდნა არის აქტუალური დღეს, როგორც არასდროს. შესაბამისად, ეს საერთაშორისო კონფერენცია და სხვა აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო მეცნიერებასთან, არის ჩვენი მეცნიერებების განვითარების საწინდარი. დღევანდელი ღონისძიება და მასში შესული საკითხები ამტკიცებენ, რომ ჩვენი მეცნიერების ხარისხი არის ძალიან მაღალი, მსოფლიო კლასის და მიმზიდველი და საინტერესოა  მთელი მსოფლიოსთვის“,- აღნიშნა ალექსანდრე  ჯეჯელავამ.

„ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს აქვს ამ მიმართულებით. ის გამოცდილება და ცოდნა, რაც მან დააგროვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბაქტერიოფაგი არ არის მხოლოდ განყენებული მეცნიერება, არამედ ძალიან აქტუალური არის დღევანდელ გამოწვევებში, როდესაც  ანტიბიოტიკებისადმი რეზიზსტენტობა არის მზარდი ათასწლეულის გამოწვევა“,- აღნიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

„ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვესწრება თითქმის 30-მდე ქვეყნის უცხოელი ცნობილი მეცნიერი, ახალგაზრდა მეცნიერები და იმედი მაქვს, რომ ეს საერთაშორისო კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ახალ ურთიერთობას, ახალ პროექტებს, ახალ იდეებს და დაეხმარება ჩვენს ქართველ მეცნიერებს და სტუდენტებს მომავალ კვლევებში“,-განაცხადა გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა მზია ქუთათელაძემ.

2017 წელს კანადელი მეცნიერის, ფელიქს დერელის მიერ ბაქტერიოფაგის ფენომენის აღმოჩენას 100 წელი შეუსრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად 2017 წელს ტარდება სამეცნიერო კონფერენციების სერია, რომლის ორგანიზატორები არიან პასტერის ინსტიტუტი (პარიზი, საფრანგეთი) და გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი. თბილისის კონფერენციის თანაორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ფელიქს დერელი 1930-იან წლებში მოღვაწეობდა ამჟამინდელ გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში და იყო თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი.    

ღონისძიებას 25 ქვეყნის 100-მდე დელეგატი დაესწრო. კონფერენციის მონაწილეებმა ბაქტერიოფაგების კვლევის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს, იმსჯელეს ფაგისა და ბაქტერიული უჯრედის ურთიერთქმედების მექანიზმების, ბაქტერიოფაგების ეკოლოგიისა და ევოლუციური ასპექტების შესახებ, მთავარი აქცენტი გაკეთდა ფაგების თერაპიული, სამრეწველო და ბიოტექნოლოგიური გამოყენების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მოამზადა გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკის საცავებში დაცული მასალები გიორგი ელიავასა და ფელიქს დერელის შესახებ, ფელიქს დერელის ვიზიტზე თბილისში, ფოტოები, აგრეთვე ფელიქს დერელის წიგნი ,,ბაქტერიოფაგი და გამოჯანმრთელების ფენომენი’’, რომელიც 1935 წელს დაბეჭდა უნივერსიტეტის გამომცემლობამ. ამავე დროს,  ბიბლიოთეკამ მოიძია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალები ამ ორი დიდი მეცნიერისა და ბაქტერიოფაგის შესახებ და ექსპოზიციაზე წარმოადგინა საარქივო დოკუმენტების ასლები. მათ შორის აღსანიშნავია  უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის წერილი განათლების სახალხო კომისარს გიორგი ელიავას საზღვარგარეთ მივლინების თაობაზე, გიორგი ელიავას მიმართ განხორციელებული საბჭოთა რეპრესიების ამსახველი დოკუმენტები და სხვა.       

კონფერეციის ფარგლებში ასევე ჩატარდება ორდღიანი საზაფხულო სკოლა, რომლის  მიზანია სტუდენტებს და ახალგაზრდა მკვლევარებს გააცნოს ბაქტერიოფაგების სტრუქტურა, მათი როლი გარემოში და მათი გამოყენების პოტენციალი, ასევე, ბაქტერიოფაგების კვლევის უახლესი მეთოდები. ლექციებს ჩაატარებენ  დარგის წამყვანი მეცნიერები  ინგლისიდან, კანადიდან, ბელგიიდან და საქართველოდან.





თარიღი: 21/02/2019