„ფიზიკა არის მცდელობა გავიგოთ - რისგან შედგება სამყარო,“ - ამბობს თამარ ჯობავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, რომელიც უკვე ათწლეულებია მონაწილეობს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამეცნიერო ექსპერიმენტში CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერზე.
თამარ ჯობავას გზა მეცნიერებაში ბავშვობიდან დაიწყო: ფიზიკოსების გარემოცვაში გაზრდილმა, სკოლის პერიოდში უკვე მტკიცედ გადაწყვიტა ფიზიკოსის პროფესიის არჩევა. დღეს მისი კვლევები დაკავშირებულია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკასთან - იმ სფეროსთან, რომელიც ცდილობს სამყაროს ფუნდამენტური კანონების ამოხსნას.
მისი მონაწილეობით ATLAS ექსპერიმენტში დამზერილ იქნა ჰიგსის ბოზონი - აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე. იგი 38 ქვეყნის 5000-ზე მეტ მკვლევართან ერთად მუშაობს სამყაროს შექმნის თეორიებზე. თამარ ჯობავას ქართველ მეცნიერებს შორის ყველაზე მაღალი ბიბლიომეტრიული მონაცემები, მათ შორის ციტირების ინდექსი აქვს.
„ნაწილაკების ფიზიკა არ არის უბრალოდ პროფესია - ეს არის მცდელობა გავიგოთ სამყაროს ფუნდამენტური კანონები. თუ ეს კითხვები გულწრფელად გაინტერესებთ - სწორ გზაზე დგახართ,“- ასეთ რჩევას აძლევს ახალგაზრდებს ცნობილი მეცნიერი.