საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიგი გარაყანიძისადმი მიძღვნილი მაგისტრანტთა II სამეცნიერო კონფერენცია

3 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიგი გარაყანიძისადმი მიძღვნილი მაგისტრანტთა II სამეცნიერო კონფერენცია „ფოლკლორის ინტერდისციპლინური კვლევები“ გაიმართა.  მოხსენებები წარადგინეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა პროგრამის მაგისტრანტებმა: ქართული ლიტერატურა, ქართველური ენათმეცნიერება, კულტურის კვლევები, კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია. 

 

გიგი გარაყანიძის (1982-2012) სამეცნიერო და პრაქტიკული მუშაობა დაკავშირებული იყო ეთნომუსიკოლოგიურ და ფოლკლორისტულ კვლევებთან. 

 

კონფერენცია ზეპირსიტყვიერების, ეთნოგრაფიის, ლინგვისტიკის, თანამედროვე ყოფის საკითხებს შეეხო. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ფოლკლორის საკითხების ინტერდისციპლინური შესწავლის გაფართოებასა და გაღრმავებას მომიჯნავე დარგებთან ურთიერთთანამშრომლობით. კონფერენციის  ორგანიზატორი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის კათედრა გახლდათ. სხდომას უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი ელენე გოგიაშვილი.

 

ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამის ზეპირსიტყვიერების მოდულის მაგისტრანტებმა მეგი მიქაბერიძემ, მარიამ ქვლივიძემ და ივეტა ცერცვაძემ წარმოადგინეს მოხსენებები შედარებითი მითოლოგიისა და ფოლკლორულ ჟანრთა ურთიერთმიმართების შესახებ, განიხილეს ზებუნებრივ არსებასთან ქორწინების, საკრალური ქორწინების და ინიციიაციის მოტივები ზღაპარსა და მითოსში. ქართველური ენათმეცნიერების პროგრამის მაგისტრანტების მარიამ ხუბუნაიასა და ნანა შოშიაშვილის მოხსენებებში მრავალფეროვნად წარმოჩნდა მათ მიერ დამუშავებული ემპირიული მასალა ლინგვისტურ, ეთნოგრაფიულ და ფოლკლორულ მონაცემთა შუქზე.

 

ქართული ლიტერატურის პროგრამის ზეპირსიტყვიერების მოდულის მაგისტრანტების მარინე ანთიძის მოხსენება ქართულ საბჭოთა ფოლკლორზე და თამაზ კეჭაყმაძის მოხსენება კომპიუტერული თამაშების ნარატიულ სტრუქტურებზე ნათელი დასტურია იმისა, რომ თანამედროვე მეცნიერებაში საკმარისი აღარ არის ხალხური კულტურის ფორმების მხოლოდ მათი ისტორიის მიხედვით კვლევა და საჭიროა ფოლკლორისტული დაკვირვების ობიექტების თანამედროვე კომუნიკაციების კონტექსტში გააზრება.

 

კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის პროგრამის მაგისტრანტმა გიორგი ლაღიძემ წარადგინა პრეზენტაცია კერამიკის ეთნოგრაფიული კოლექციის შესახებ, რომელიც დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტმა ნინო ზანდუკელმა განიხილა მითის ტრანსფორმაციის, ტერმინისა და ფუნქციის ცვლილებების, კულტურის პოლიტიკაზე ზეგავლენის საკითხი.

 

 

თარიღი: 03/05/2023