საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი გენერალური დირექტორის საჯარო ლექცია თსუ-ში

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი გენერალური დირექტორი ლეონარდო სერვერა ნავასი ეწვია. მან  თსუ სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის გამართა საჯარო ლექცია, რომელზეც ისაუბრა იმ პროცესებზე, რომელიც წინ უძღოდა ევროკავშირის დაფუძნებას, აგრეთვე, იმ ადამიანებზე, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ევროპის გაერთიანების, დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბების და დაკანონების საქმეში.

 

საჯარო ლექციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, თსუ ასოცირებული პროფესორი ლელა ჯანაშვილი ესწრებოდა. „საჯარო ლექციის თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ჩვენ ვისწრაფვით ევროინტეგრაციისკენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ჩვენი სამართლებრივი სივრცისთვის. ხვალიდან ძალაში შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონი, და სწორედ ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად იმართება არაერთი ღონისძიება. დღეს დაიწყო და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების საერთაშორისო კონფერენცია.  თსუ-ში გამართული შეხვედრაც ემსახურება საქართველოსა და ევროკავშირის ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოებას,“-აღნიშნა ლელა ჯანაშვილმა.

 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კარგი თანამშრომლობა აკავშირებს ერთმანეთთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში თსუ-ში გაიმართა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის გენერალური დირექტორის ლეონარდო სერვერა ნავასის საჯარო ლექცია, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირის შექმნის ისტორიას და ძალიან დააინტერესა ქართველი სტუდენტები და დამსწრე საზოგადოება.  მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისთვის ამ ტიპის შეხვედრების ორგანიზება და, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპული გამოცდილებისა და ინფორმაციის მიწოდება,“- განაცხადა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ„ ახალი კანონი 1-ელ მარტს ამოქმედდება. ახალი კანონი საქართველოში მონაცემთა დაცვის თანამედროვე სტანდარტებს დაამკვიდრებს, რომელიც, თავის მხრივ, გარკვეული ვალდებულებების აღებას გულისხმობს. ეს ვალდებულებები საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აიღო.

თარიღი: 29/02/2024