ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ევროკავშირის, დასავლეთ ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შემუშავებულმა ერთობლივმა ინგლისურენოვანმა სამაგისტრო პროგრამამ „პოლიტიკის მეცნიერებები - ინტეგრაცია და მმართველობა“, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ერთობლივმა პროგრამამ წარმატებით მიიღო უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) სრულუფლებიანი წევრის, ავსტრიის ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის სააგენტოს (AQ Austria) სრული საერთაშორისო აკრედიტაცია.
სამაგისტრო პროგრამის განხორცილება დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ჩართულია ზალცბურგის უნივერსიტეტი (PLUS), სკოპიეს წმინდა კირილე და მეთოდის უნივერსიტეტი (UKIM), ტირანას ევროპული უნივერსიტეტი (UET), ტირანას უნივერსიტეტი (UTIR), სარაევოს უნივერსიტეტი (UNSA), სარაევოს მეცნიერების ტექნოლოგიის სკოლა (SSST), ტრიესტეს უნივერსიტეტი (UNITS), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (YSU), ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (EIU).
სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა ისწავლონ კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტებში და აიღონ მინიმუმ ორი (მაქსიმუმ ოთხი) უნივერსიტეტის საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომი პოლიტიკის მეცნიერებაში!