საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვლადიმერ პაპავა საერთაშორისო CORE აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ეკონომიკურ მეცნიერებაში, განსაკუთრებით, მაკროეკონომიკასა და გამოყენებით ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის (International CORE Academy of Sciences and Humanities) ნამდვილ წევრად აირჩიეს.

 

„ვლადიმერ პაპავას კვლევები ძირითადად ეკონომიკის თეორიულ და გამოყენებით საკითხებს შეეხება. კერძოდ, მის მიერ შექმნილია ნეკროეკონომიკის კონცეფცია (როგორც ეკონომიკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის თეორიული საფუძველი), რეტროეკონომიკის კონცეფცია (როგორც ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის ეკონომიკური თეორია), აგებულია ლაფერ-კეინზიანური სინთეზის მოდელი, შექმნილია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიდან „მკვეთრი ზრდის“ ეფექტის გამორიცხვის მეთოდი, დასაბუთებულია იმპორტდამოკიდებული ქვეყნების მონეტარულ პოლიტიკაში ინფლაციის კომპლექსური თარგეთირების სისტემის მიზანშეწონილობა, შესწავლილია გლობალიზაციის ტრანსფორმაციის და ფართომასშტაბიანი ეკონომიკური სანქციების ექსტერნალიების საკითხები და სხვა.

 

საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემია დაფუძნებულია ჰონგ-კონგის მთავრობის მიერ და მისი წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაა არჩეული. აკადემია ინტერდისციპლინური, არასამთავრობო, არაკომერციული, სამეცნიერო ორგანიზაციაა და მისი წევრები მეცნიერებაში მოპოვებული დამსახურებებისთვის აირჩევიან. აკადემიის მიზანია ხელი შეუწყოს მეცნიერების ყველა სფეროში საერთაშორისო, მოწინავე და ინტერდისციპლინურ კვლევებს.

 

ვლადიმერ პაპავა მეორე ქართველია, რომელიც  საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის წევრი გახდა. უფრო ადრე აკადემიის წევრად ცნობილი ქართველი მათემატიკოსი, აკადემიკოსი ხვედრი ინასარიძე  აირჩიეს.

თარიღი: 29/02/2024