საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმები თსუ-ს, თბილისის მერიასა და თბილისის საკრებულოს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა თბილისის მერიასა და თბილისის საკრებულოსთან. მემორანდუმებს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმს ხელი თსუ-ში ახალი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოეწერა. თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას ინფორმაციით, „ფაკულტეტზე შეიქმნა ახალი სასწავლო პროგრამა - განვითარების კვლევები და ადგილობრივი თვითმმართველობა.  ამ პროგრამის შექმნა და დანერგვა ფაკულტეტზე არსებულმა გამოწვევებმა გვიკარნახა - მდგრადი განვითარების სწორი გამოყენება, ეკოლოგიური, მიგრაციული და სხვა პრობლემები, რომელიც დგას მსოფლიოს წინაშე. მათი გადაწყვეტა ადგილობრივი დონიდან იწყება. ამიტომაც დავაწყვილეთ მდგრადი განვითარება და ადგილობრივი მმართველობის შესწავლა, რათა სტუდენტს ჰქონდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება.“

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „ხელმოწერილი მემორანდუმი განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტების  ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. სტუდენტები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც დედაქალაქი გეგმავს. თავის მხრივ, უნივერსიტეტი დედაქალაქს პრობლემების გადასაწყვეტად მოახმარს სამეცნიერო და სტუდენტურ პოტენციალს. მერიასა და საკრებულოში სტუდენტთა პრაქტიკისა და სტაჟირების გარდა, ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთ ახალ პროექტს დედაქალაქთან ერთად, რომელიც ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას ეხება. ამ პროექტს გერმანელ პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ.“

„სტუდენტები, რომლებიც თეორიულ ცოდნას მიიღებენ უნივერსიტეტში, დედაქალაქიის მერიაში შეძლებენ სხვადასხვა მიმართულებით   თავიანთი კვალიფიკაციის ამაღლებას. ამ პროგრამის განხორციელებაში მერიის სხვადასხვა უწყებების აქტიური ჩართულობა აუცილებელია. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და მერიის კვალიფიციურ კადრებთან სტაჟირება, საბოლოოდ კარგ შედეგამდე მიგვიყვანს,“-აღნიშნა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

„მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები მისასალმებელი და საჭიროა ქალაქის განვითარებისთვის. სტუდენტები იმუშავებენ თბილისის საკრებულოს სხვადასხვა კომისიაში, სამსახურებში, რაც ნიშნავს ქალაქის მართვაში ჩვენი მომავალი თაობის მეტ ჩართულობას.    ეს პროექტი ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას გაიარონ სტაჟირება და განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები,“-განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.

ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მერია და საკრებულო მჭიდროდ ითანამშრომლებს უნივერსიტეტთან სტუდენტური სასწავლო პრაქტიკის და სტაჟირების საკითხებზე. თავის მხრივ, უნივერსიტეტი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მერიას და საკრებულოს საჭირო მეთოდოლოგიური მასალებით, წვრთნის მოდულებით და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა ინტელექტუალური რესურსებით; მხარეები  განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს.






თარიღი: 16/01/2019