საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თეიმურაზ ჯორბენაძე

საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ და ჩვემა უნივერსიტეტმა დიდი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პათოლოგიის და სასამართლო მედიცინის კათედრის გამგე, თსუ არკადი ჯორბენაძის სახელობის „პათოლოგიის ცენტრის“ დამფუძნებელი და უცვლელი ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ (თემურ) ჯორბენაძე.

 

საქართველოში პათოლოგიური ანატომიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, არკადი ჯორბენაძის ოჯახში აღზრდილმა სიყრმიდანვე გაითავისა ინტელიგენტის, პროფესიონალის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრების წესი და ამ წესთან შერწყმული მოვალეობები და პასუხისმგებლობები.

 

მანის კვალს გაჰყვა: 1967 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ნიკოლოზ კახიანის სახელობის თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ექიმ-პათოლოგანატომად, ალექსანდრე ნათიშვილის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის პათოლოგანატომიური განყოფილების ხელმძღვანელად, ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1991 წელს ინიშნება მისივე ინიციატივით შექმნილი „თბილისის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ დირექტორად. ბატონი თემური და აღნიშნული ცენტრი ერთ-ერთი იყო იმ რამოდენიმე პიროვნებასა და ინსტიტუციას შორის, რომელთა მიერ შექმნილმა კონსორციუმმაც საფუძველი დაუდო 1994 წელს თსუ-ში მედიცინის ფაკულტეტის და სამედიცინო განათლების აღდგენას. მაგრამ ერთადერთი, ვინც თავისი ცენტრი უნივერსიტეტის საკუთრებად აქცია.

 

მისი, როგორც პათოლოგანატომის მიერ, წლების მანძილზე ისმებოდა თბილისში ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების შემდგომი ჰისტოპათოლოგიური დიაგნოზების მასშტაბური რაოდენობა. როგორც ლექტორი, ის სარგებლობდა სტუდენტების დიდი სიყვარულით და პატივისცემით. მან ორი სახელმძღვანელო შესძინა სამედიცინო განათლებას. როგორც მეცნიერი, იყო 200-მდე ნაშრომის ავტორი და ორ ათეულამდე დისერტაციის ხელმძღვანელი.

 

ბატონი თემურის ცხოვრება წარმოადგენს კეთილშობილების გამორჩეულ მაგალითს, სადაც  ქვეყნისთვის, დარგისთვის, ადამიანებისთვის ფიქრი და ზრუნვა აშკარად აღემატებოდა პირადულ თუ საოჯახო საზღუნავს. ის იყო მასწავლებელთა ამაგის დიდი დამფასებელი  (ფორუმ „კვალი ნათელის“ აქტიური მონაწილე), საიმედო კოლეგა და მეგობარი, შესანიშნავი ოჯახის თავკაცი.

 

ბატონი თემურის სახელი სამარადჟამოდ დარჩება საქართველოს პათოლოგიური ანატომიის და თსუ მედიცინის ფაკულტეტის ისტორიაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ მედიცინის ფაკულტეტი

თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი

თარიღი: 02/03/2024