საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ გუნდის წარმატება ჟან პიქტეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კონკურსში

     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დიდი წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველაზე პრესტიჟულ, ჟან-პიქტეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში (Jean-Pictet Competition) და საერთაშორისო დონეზე მეორე ადგილი დაიკავა!

 

     ჟან-პიქტეს საერთაშორისო კონკურსი ჰუმანიტარული სამართლის ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია, რომლისთვისაც მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან ხდება საუკეთესო 28 გუნდის შერჩევა. კონკურსის მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებზე დაფუძნებულ სიმულაციურ დავალებებში.

 

 

    წელს კონკურსი ბრედენში (ბელგიის სამეფო) გაიმართა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები - მარიამ გუგავა, ხატია ჭიჭინაძე და შალვა ხიზანიშვილი. თსუ-ს გუნდმა ნახევარფინალსა და ფინალურ რაუნდებში წარმატებით იასპარეზა აშშ-ის, საფრანგეთის (Sciences Po Paris), სინგაპურის, შვეიცარიის (ბაზელის), არგენტინის (ბუენოს-აირესი), ინდოეთის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების გუნდების წინააღმდეგ.

 

 

   გუნდი მომზადდა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით. საერთაშორისო შეჯიბრში გუნდის მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყო თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC), მათ შორის International Committee of the Red Cross Georgia • ICRC საქართველო ოფისის მხარდაჭერით.

თარიღი: 04/03/2024