ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დუბაიში
გამართულ საგანმანათლებლო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე,
რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროების განათლების სამინისტროს
ორგანიზებით გაიმართა, მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება იყო წარმოდგენილი. თსუ-მ გამოფენაში
მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ისწავლე
საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მიიღო. უნივერსიტეტს დუბაიში ნიკა
მელქაძე წარმოადგენდა, რომელიც თსუ-ში ამერიკული აკრედიტაციის
ფასილიტატორია და ხელს უწყობს ამერიკულ აკრედიტაციას ტექნიკური
პროგრამებისთვის.


პოტენციური სტუდენტების რეგისტრაცია ცენტრალიზებულად „ისწავლე საქართველოში პროექტის ფარგლებში“ ხორციელდებოდა, ამ პროექტის ფრაგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განთლების მისაღებად საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვას. დუბაიში ჩატარებული გამოფენის პერიოდში, კონკრეტული პროგრამით ან მიმართულებით დაინტერესებულ, რეგისტრირებულ აბიტურიენტთა შესახებ ინფორმაცია შემდგომ უმაღლეს სასწავლებლებში გადაიგზავნება და უმაღლესი სასწავლებელი კი, თავის მხრივ, მას მისთვის საინტერესო მიმართულების შესახებ არსებულ შესაძლებობებზე უფრო დეტალურ ინფორმაციას შესთავაზებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს 20-მდე უცხოენოვან პროგრამას, 16 კვლევით ინსტიტუტს და ახალ საერთო საცხოვრებელს სთავაზობს.