24-28 მარტს დრეზდენის ტექნოლოგიურის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა Erasmus +-ის თანადაფინანსებული პროექტის „რბილი უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად [DeSIRe]“ ფარგლებში, კონსორციუმის წევრ ქართველ, სომეხ, ესპანელ, ფინელ და ირლანდიელ კოლეგებს ქ. დრეზდენში, გერმანიაში უმასპინძლეს.
ვიზიტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, კანცლერი ლაშა საღინაძე და პროექტის ასისტენტი სოფიო იდაძე.
5-დღიანი სამუშაო კვირის განმავლობაში, მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: „მეწარმეობის აუცილებელი უნარები: ინიციატივა და პროაქტიულობა“; „თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა“; „ეფექტური ბიზნეს კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები“; „ორგანიზაციული კულტურის განვითარება“.
გერმანელმა მასპინძლებმა მონაწილეებს წარუდგინეს დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიდგომები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირების სასწავლო პროცესში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ვიზიტის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას, მათ შორის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკასა და მუზეუმს.
„რბილი უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად [DeSIRe]“ პროექტი მიზნად ისახავს სომხეთისა (ARM) და საქართველოს (GE) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (HEI) 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად რბილი უნარების განვითარების ხელშეწყობას, რაც დაეხმარება სტუდენტებს კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში.
პროექტი შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების მე-4 მიზანთან (ხარისხიანი განათლება), რომელიც თავის მხრივ მოიაზრებს ინკლუზიური და თანაბარი ხარისხის განათლების უზრუნველყოფასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების ყველასთვის ხელმისაწვდომობას. ის ასევე მხარს უჭერს ევროპულ პრიორიტეტებს ციფრული განათლებისა და უნარების გაძლიერებაში.
DeSiRe შედგება 15 აკადემიური, პროფესიული და არასამთავრობო პარტნიორისგან რომელთა შორისაა ოთხი ევროპული, ხუთი ქართული (მათ შორის 4 ქართული უნივერსიტეტი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ექვსი სომხური ორგანიზაცია.
პროექტის ადგილობრივი კოორდინატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ.