ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ერეკლე ასტახიშვილი, სამუშაო ვიზიტით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში იმყოფებოდა, სადაც დისტანციური განათლების ნაციონალურ უნივერსიტეტში (UNED) პროექტის „მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში“ (PRODIGE) ფარგლებში სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ციფრული უმაღლესი განათლების მიმართულებით ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოში ამ სფეროს შემდგომ განვითარებაზე კონსულტაციებს. სამუშაო ვიზიტში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად არის ჩართული პროექტის განხორციელებაში პარტნიორის სტატუსით.
თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი მონაწილეობდა დისკუსიებში, რომლებიც ეხებოდა ციფრული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებას და ციფრული განათლების პოლიტიკის რეფორმების მხარდაჭერას. ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარების მიმართულებით. პროექტი PRODIGE, რომელსაც ხელს უწყობენ სხვადასხვა ევროპული და ქართული პარტნიორი ორგანიზაციები, მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას და უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერას სწავლების დიგიტალიზაციის პროცესში.