თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მოაწერეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების ხელმისაწვდომობას და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მნიშვნელობას.
ჯაბა სამუშიამ ხაზი გაუსვა ვეტერანების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა საზოგადოების გამორჩეული ნაწილის - ვეტერანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა. რექტორის ინიციატივით, ვეტერანების მონაწილეობით უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართება საჯარო ლექციები, რომელთა თემაც იქნება საქართველოს უახლესი ისტორია, ტერიტორიული მთლიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის გაწეული ბრძოლები და გმირი მებრძოლების მაგალითები.
ასევე გამოითქვა ინტერესი, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთონ მოხალისეთა მომზადების პროგრამაში, რომელსაც ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ ახორციელებს გომბორის ცენტრში.
მემორანდუმის მიზანია, უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ვეტერანებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლების დაფინანსების პროგრამა, რომელიც 2023 წლიდან მოქმედებს და დღემდე უკვე 5000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.