ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ღონისძიებები გამართა.
მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ თსუ-ს არქეოლოგიის, ისტორიისა და სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას მემორიალური კაბინეტი და უნივერსიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა. ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესება და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცის გაცნობა.
თსუ-მ 100-მდე სკოლის მოსწავლეს მეცნიერების ფესტივალის ფარგლებში უმასპინძლა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდით ყოველწლიურად იმართება.
ფესტივალის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაინტერესება სამეცნიერო საქმიანობით და აკადემიური სფეროს წარდგენა ფართო საზოგადოებისთვის.